ოფიციალურად - ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითებას გადარჩა
ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ყველა პრობლემა მოგვარდა და ლიონი ლიგა 1-ში დაბრუნდა.
გიორგი მიქაუტაძის გუნდს სასჯელი მოუხსნეს და ლიონს ლიგა 2-ში დაქვეითება აღარ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულ გუნდს 175 მილიონი ევროს დავალიანება ჰქონდა, რის გამოც თავდაპირველად ლიგა 2-ში დააქვეითეს.
კერძოდ, საუბარი პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის (DNCG) მიერ მოთხოვნილი გარანტიების შეუსრულებლობასა და 175 მილიონი ევროს ოდენობის ვალზე იყო, რომელიც, როგორც ჩანს, „ლიონმა“ ვერ დაფარა. ფრანგულ კლუბში DNCG-ის გადაწყვეტილებას „გაუგებარი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
აქვე გეტყვით, რომ ტექსტორის კუთვნილ კომპანია Eagle Football Holdings Limited-ს „ბოტაფოგო“, „ლიონი“ და ბელგიური „მოლენბეკი“ ეკუთვნის. რამდენიმე კვირის წინ ტექსტორმა „კრისტალ პალასი“ 190 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა, რაც ინგლისური კლუბის ევროპა ლიგაზე დაშვების წინაპირობა იყო.
ცნობისთვის, ლიონს საკმაოდ დიდი დახმარება პარი სენ ჟერმენმა გაუწია. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა ბარკოლას ტრანსფერის სრული ღირებულება 45 მილიონი ევრო დაფარა. კონტრაქტის მიხედვით, პსჟ-ს აღნიშნული თანხა ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება შეცვალა.