„უფრო საჭადრაკო პარტიას ჰგავდა“ - ვოლკანოვსკიმ მახაჩევთან ბრძოლები გაიხსენა
რამდენიმე წლის წინ, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში ისლამ მახაჩევი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შემთხვევაში დაღესტნელმა მებრძოლმა გაიმარჯვა. თუ პირველ შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად მსაჯების გადაწყვეტილება გახდა საჭირო, მეორე ჯერზე ისლამმა ავსტრალიელი მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. მათი პირველი დაპირისპირება, რომელიც ხუთ რაუნდს გაგრძელდა, UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბრძოლაა, რასაც ვოლკანოვსკი ახლაც სიამოვნებით იხსენებს:
„ის შეხვედრა UFC-ის ორთაბრძოლაზე უფრო მეტად, საჭადრაკო პარტიას ჰგავდა. როგორც ისლამმა, ასევე მე ვიცოდით, როდის უნდა მოგვემატებინა და როდის დაგვეგდო ტემპი. თუ გახსოვთ, იყო ეპიზოდები, როდესაც მახაჩევი ნერვიულობდა, მე კი ვიცინოდი, რადგან ამ ბრძოლას სხვანაირად ვუდგებოდი - როგორ გითხრათ, დასაკარგი არაფერი მქონდა.
ხანდახან მეგონა, რომ მის დამარცხებას შევძლებდი, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ვრწმუნდებოდი, რომ ეს ურთულესი ამოცანა იყო. იმდენად მრავალმხრივ არის განვითარებული, რომ მის ერთ კოზირს თუ გაანეიტრალებ, მეორე გამოჩნდება, შემდეგ მესამე და ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს“.
ცნობისათვის, ვრცელდება ინფორმაციები, რომ შემოდგომაზე ისლამ მახაჩევი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი ერთ ღონისძიებაზე იჩხუბებენ. ავსტრალიელმა ქვემსუბუქ წონაში ქამარი სავარაუდოდ მოვსარ ევლოევთან უნდა დაიცვას, ხოლო ისლამი ქვესაშუალო წონაში ჯეკ დელა მადალენასთვის ჩემპიონის ტიტულის წართმევას შეეცდება.