„ხამზატი მერაბზე წინ უნდა იყოს“ | კორმიე P4P რეიტინგს არ ეთანხმება
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, დენიელ კორმიე თვლის, რომ ორგანიზაციის Pound for Pound რეიტინგში (საერთო რეიტინგი, ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები) ცვლილებებია შესატანი. „დისის“ აზრით, ხამზატ ჩიმაევი, რომელმაც დრიკუს დუ პლესი დაამარცხა და საშუალო წონის ჩემპიონი გახდა, მერაბ დვალიშვილზე მაღალ პოზიციას უნდა იკავებდეს.
„ხამზატ ჩიმაევი მესამე ადგილზე უნდა იყოს. Pound for pound საუკეთესო მებრძოლობა ნიშნავს, რომ შენი საბრძოლო სტილი სხვადასხვა წონით დივიზიონშია ეფექტური. დვალიშვილს სუპერ მსუბუქი წონის გარდა, სხვაგან არ უჩხუბია, ხამზატმა კი ქვესაშუალო წონაში ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზა.
ჩიმაევმა ყოფილი ჩემპიონი, კამარუ უსმანი დაამარცხა და სატიტულო ბრძოლასთანაც ახლოს იყო. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხამზატი ისლამისა და ილიას გვერდით დგას და დვალიშვილზე წინ უნდა იყოს. დიახ, მერაბისნაირი წარმატება სუპერ მსუბუქში არავის ჰქონია, თუმცა საუბარი მაინც ერთ წონით დივიზიონზეა.“
შეგახსენებთ, რომ დუ პლესის დამარცხების შემდეგ ჩიმაევი 10 ადგილით დაწინაურდა და მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. ხამზატმა ალეშანდრე პანტოჟას გადაუსწრო და მხოლოდ ილიას, ისლამსა და მერაბს ჩამორჩება.