მეორე მედალი ბოლო სამ თვეში - დემეტრაშვილის ვერცხლი ულანბატორში
ირაკლი დემეტრაშვილი მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში გამართული გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც მძიმე წონაში ასპარეზობდა, ფინალამდე მონღოლ ალტანბაგანა განტულგას, იაპონელ კანტა ნაკანოს და ნიდერლანდელ იურ სპიკერსს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სამხრეთ კორეელ კიმ მინჯონგთან ჰანსოკუ-მაკეთი, ანუ სამი გაფრთხილების გამო დამარცხდა. დემეტრაშვილის კარიერაში 2026 წელი უდავოდ საუკეთესოა რადგან თუ აქამდე მას გრანდ სლემზე არათუ ოქროს, არამედ არც ერთი სინჯის მედალი არ ჰქონდა მოპოვებული, წელს ჯერ თბილისში გაჩემპიონდა, ახლა კი ულანბატორში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
კიდევ ერთი მედალი საქართველოს დელეგაციას მონღოლეთში ილია სულამანიძემ მოუტანა. 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილის ძლევით დაიწყო, რასაც თურქმენ ბაიმირატ მაჯანოვთან გამარჯვება მოჰყვა, თუმცა მეოთხედფინალში ილია რუს სარგის ადამიანთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება სულამანიძემ ყაზახ მარატ ბაიკამუროვთან გამარჯვებით მოიპოვა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოჭიდავე ჟაფარ კოსტოევი არ გამოუცხადდა და მედალი უბრძოლველად დაისაკუთრა.
ცნობისათვის, ულანბატორის გრანდ სლემი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს ღირსებას 13 სხვადასხვა წონით კატეგორიაში ამდენივე ძიუდოისტი იცავდა.