„ამაზე საუბარი არ მინდა“ - ზურიკო გამარჯვების გოლსა და სატრანსფერო ჭორებზე
საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში, „ბულონის“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ადგილობრივ მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა და მის გარშემო არსებულ სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა.
რა თქვა ზურიკომ:
„რთული მატჩი იყო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ. ჩვენ წინააღმდეგ ყველა გუნდი სიღრმიდან თამაშობს და ხშირად, თამაშები ერთნაირია. შანსები გვქონდა და საბოლოოდ, გოლი მეორე ტაიმში გავიტანეთ. რთული მატჩი იყო, მაგრამ მაინც შევძელით გამარჯვება.“
„დიახ, ლიგა 1 და ლიგა 2 ერთმანეთისგან განსხვავდება. გასულ სეზონში ლიგა 1-ში იგივე სტილის თამაშები არ ყოფილა, რადგან ყველა გუნდი ძირითადად აწეული დაცვით თამაშობდა. ლიგა 2-ში კი გუნდები შედარებით დაწეული ხაზით თამაშობენ, მაგალითად, როგორც „ბულონი“. ამიტომ მეტი ინიციატივა უნდა ავიღოთ, ლიგა 1 და ლიგა 2 ერთმანეთის მსგავსი არ არის. „ბულონმა“ კარგად ითამაშა, დიდი ძალისხმევა გაიღეს, დაცვაში კარგად თამაშობდნენ და კონტრშეტევებზეც სახიფათოდ გადადიოდნენ. კარგი გუნდია. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან მატჩს ვაკონტროლებდით. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.“
„ჩემი გოლი? არ მგონია, რომ ეს ინდივიდუალური გოლი იყო. ფლომ ბურთი ჯერ მოუფეკს გადასცა, მან კი მე მიპოვა. ეს კარგი კომბინაცია იყო. შემდეგ რაც მოხდა, შესაძლოა, ოდნავ ინდივიდუალურიცაა — კარგი შეხება და ლამაზი დარტყმა... მაგრამ ამაზე ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ.
„სატრანსფერო ფანჯარა? ამაზე საუბარი არ მინდა, ამჟამად „სენტ-ეტიენში“ ვარ და ამ გუნდისთვის ვთამაშობ. სამ თამაშში ორი გოლი საუკეთესო პასუხია.“
როგორც დავითაშვილის კომენტარიდან მოისმინეთ, ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენის“ მაისურით ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ზურიკოს ბედს რამდენიმე კვირაა ისეთ კლუბებს უკავშირებენ, როგორებიც არიან: „ბეშიქთაში“, „რენი“, „სტრასბურგი“, „ბორუსია მიონხენგლადბახი“, „სევილია“ და „ევერტონი“.
3 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 7 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.
ზურიკო დავითაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „გრენობლის“ წინააღმდეგ გამართავს.