კაჭარავას სადებიუტო - 6 გოლი 2 შეხვედრაში
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXII ტური დღეს ორი შეხვედრით დასრულდა. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, მასპინძლების რიგებში საუკეთესო რატი არდაზიშვილი იყო. 28-ე წუთზე მისი სოლორეიდის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითაც განელმა ლეგიონერმა რიჩმონდ ადეიემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მე-60 წუთზე კი არდაზიშვილმა საგოლე პასი დავით მუჯირს მიაწოდა, რომელმაც მეორედ აიღო წყალტუბოელების კარი და ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. შუალედში (37-ე წუთზე) იყო გია ნადარეიშვილის ზღვარგადასული უხეშობა, რის გამოც „გაგრას“ ფეხბურთელი არბიტრმა გააძევა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული „გარეჯი“ – „კოლხეთის“ მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა. მე-9 წუთზე საგარეჯოელები ლევან პაპავამ ეფექტური დარტყმით დააწინაურა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადგილი რიკოშეტს ჰქონდა. პირველი ტაიმის ბოლოს ფოთელების მდგომარეობა დამძიმდა, რადგან უხეში თამაშისთვის მათი უკრაინელი ლეგიონერი იევჰენი ლეშჩინსკი გააძევეს. მიუხედავად ამისა, „კოლხეთმა“ ბოლომდე იბრძოლა და 52-ე წუთზე აკაკი გიუნაშვილის ყუმბარისებური დარტყმით წონასწორობა აღდგა. მატჩის დასრულებამდე ჩვიდმეტი წუთით ადრე, „გარეჯი“ კიდევ ერთხელ დაწინაურდა, როდესაც ამ გუნდის მაისურით სადებიუტო ბურთი ნიკა კაჭარავამ გაიტანა, თუმცა ზუსტად ოთხ წუთში გიორგი ხარებავას მიერ გამომუშავებული პენალტი დიტო ფაჩულიამ აქცია გოლად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
XXII ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილს 49 ქულით „იბერია“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „დილას“ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურის შეხვედრები 29-30 აგვისტოს გაიმართება.