ჩემპიონთა ლიგის მოდელი სანაკრებო ფეხბურთში? - უეფაში განხილვა დაიწყო
გამოცემა Sky Sports-ის ცნობით, უეფა შესარჩევი ტურნირების მოდელის შეცვლას განიხილავს. გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში შესარჩევი ეტაპის სიხშირისა და ხანგრძლივობის შეცვლაზე მსჯელობენ და შვეიცარიული მოდელის დანერგვას განიხილავენ.
რას წერს გამოცემა:
„საშეჯიბრო კომიტეტი, რომელიც 28 ადამიანისგან შედგება და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფილიპ დიალოს ხელმძღვანელობით მუშაობს, რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
2021 წელს „არსენალის“ ექსმწვრთნელი არსენ ვენგერი გამოდიოდა ინიციატივით, წელიწადში 5 სანაკრებო პაუზის ნაცვლად ოქტომბერი მთლიანად სანაკრებო მატჩებისთვის გამოყოფილიყო.
კიდევ ერთი ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა არსებული ფორმატი შეცვალოს, შვეიცარიული მოდელია, რომელიც შარშან ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე და კონფერენს ლიგაზე დაინერგა. ამ ფორმატის მიხედვით, გუნდები სხვადასხვა მეტოქეს თითოჯერ ხვდებიან და არა ჯგუფებში, არამედ ერთიან სატურნირო ცხრილში უწევენ ერთმანეთს კონკურენციას.
ცვლილებების მომხრეები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ შესარჩევი მატჩები ძალიან პროგნოზირებადი და მოსაწყენი გახდა“.