Crystalbet ეროვნული ლიგა | იბერია კაცნაკლულ დინამო ბათუმს დაუზავდა
Crystalbet ეროვნული ლიგის 22-ე ტურში დღეს სამი მატჩი გაიმართა. სატურნირო ცხრილის პირველადგილოსანმა, „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
37-ე წუთიდან სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, თუმცა თბილისურმა კლუბმა ამით ვერ ისარგებლა და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა. 50-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა ლაზარე კუპატაძეს ახლო მანძილიდან თავით გაუტანა, თუმცა ვიდეორეფერიმ გოლი თამაშგარის გამო გააუქმა. მატჩის მიწურულს ბათუმელები მარცხისგან კუპატაძემ იხსნა, როცა ახლო მანძილიდან ირაკლი სიხარულიძეს არ გაატანინა.
პარალელურად „კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და იქაც სტუმართა გუნდი პირველივე ტაიმში კაცნაკლული დარჩა - მე-20 წუთზე ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან ჯაბა კანკავა გააძევეს. 79-ე წუთზე „დინამო“ მოედანზე 9 ფეხბურთელით დარჩა - უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათი ბარნს ოსეიმ მიიღო.
სათამაშო დღე „ტორპედოსა“ და „დილას“ მატჩმა დახურა - ქუთაისში, რამაზ შენგელიას არენაზე გამართული შეხვედრა გორელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. 3 ქულა „დილას“ 79-ე წუთზე აბუბაქარ კონტეს მიერ გატანილმა პენალტმა მოუტანა - ამგვარად, გორელებმა „იბერიასთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.
22 ტურის შემდეგ „იბერია“ 49 ქულით სატურნირო ცხრილში პირველობას ინარჩუნებს, „დილას“ 47 ქულა აქვს, „დინამო თბილისი“ კი 37 ქულით მესამეზეა. ხვალ „გაგრა“ „სამგურალს“ უმასპინძლებს, „კოლხეთი“ კი „გარეჯს“ ესტუმრება.