ქულა ყოფილ გუნდთან - მიქაძის გარეჯს სამგურალმა ვერ მოუგო
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXI ტური წყალტუბოში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ „გარეჯს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ იმერლები საგარეჯოელებს 85-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ, საბოლოოდ მაინც ვერ მოიგეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩის მთავარი ინტრიგა გიორგი მიქაძის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება გახლდათ და სწორედ მის მიერ განხორციელებული ჭკვიანური შეცვლების შედეგად გადაარჩინეს კახელებმა ქულა.
ანგარიში 65-ე წუთზე „სამგურალის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვინისიუს ვიანამ გახსნა, რომელმაც ლევან კვარაცხელიას პასი გამოიყენა. ზუსტად 15 წუთში კი, ლუკა ხორხელმა თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა „გარეჯის“ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თავური დარტყმებით ორჯერ გაიტანეს და შეხვედრა 2:2 დასრულდა. მეორე სართულზე მაღალ დონეზე ჯერ გიორგი გოგოლაშვილმა, ხოლო შემდეგ ლევან პაპავამ ითამაშეს.
21 ტურის შემდეგ დაგროვებული 23 ქულით „სამგურალი“ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და მერვეზე მყოფ „გარეჯს“ 4 ქულით უსწრებს. Crystalbet ეროვნული ლიგის მომდევნო, XXII ტურის მატჩები 23-24 აგვისტოს შედგება.