სანაკრებო ფეხბურთის საუკეთესო ასისტენტი | მესის მორიგი რეკორდი
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში პუერტო რიკო გაანადგურა, „ალბისელესტეს“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კი მორიგი რეკორდი დაამყარა.
რამდენიმე დღის წინ ვენესუელასთან გამართული ამხანაგური მატჩი მესიმ გამოტოვა, პუერტო რიკოს წინააღმდეგ კი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა - მისი პასებით ჯერ გონსალო მონტიელმა, შემდეგ კი ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს. „ინტერის“ ფორვარდმა დუბლი გაიფორმა, ასევე ორი გოლია ლივერპულის „ათიანის“, ალექსის მაკ ალისტერის ანგარიშზე, კიდევ ერთი გოლი კი მეტოქის ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა.
ამგვარად, მესის სანაკრებო დონეზე 60 ასისტი დაუგროვდა, არგენტინელმა ამ მაჩვენებლით თავის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელს, ნეიმარს გაუსწრო (59), 58 ასისტით კი მესამე ადგილზე ამერიკელი ლენდონ დონოვანია. სანაკრებო დონეზე მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ათეულში არიან დე ბრუინი (53) და კრიშტიანუ რონალდუ (37).
გარდა ამისა, „ოქროს ბურთის“ 8-გზის გამარჯვებულს კარიერაში 400 ასისტამდე მხოლოდ 2 საგოლე პასი აკლია. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ფერენც პუშკაშია, რომელმაც კარიერაში 404 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.