კილიან მბაპე, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ჰაკიმის საქმეზე სასამართლო დაიწყება, მბაპე მოწმე იქნება | აშრაფის კომენტარი

აშრაფ ჰაკიმი გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება. ეს ინფორმაცია ვერსალის სააპელაციო სასამართლომ გაავრცელა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ მაროკოელის საქმეზე პროცესი დაიწყება. ჰაკიმი გაუპატიურებაში 2023 წელს დაადანაშაულეს, თავად მაროკოელი კი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ყველაფერი ურთიერთთანხმობის საფუძველზე მოხდა.

„საგამოძიებო პალატამ დაადგინა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აშრაფ ჰაკიმის მიერ გაუპატიურების ჩადენის დასადასტურებლად. ეს გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და თანხვედრაშია პროკურორის, გამომძიებელი მოსამართლისა და სააპელაციო სასამართლოს გენერალური ადვოკატის პოზიციებთან. ამ გადაწყვეტილებას ჩემი კლიენტისთვის შვება და იმედი მოაქვს...“, — აღნიშნა იმ ქალის ადვოკატმა, რომელიც ჰაკიმის გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით კილიან მბაპესაც დაკითხავენ. გამოძიების მიმდინარეობისას მბაპემ ჩვენება მისცა, რომელშიც განაცხადა: „აშრაფი ქალების მიმართ პატივისცემით იქცევა. არასდროს მინახავს, რაიმე მიუღებელი გაეკეთებინოს — არც მაშინ, როდესაც ალკოჰოლი აქვს მიღებული“.

ამავე დაკითხვის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ მოისმინა მაროკოელის ვერსია იმ საღამოს შესახებ, რომლის დროსაც, მისი თქმით, ჰაკიმიმ ახსენა: „ორმხრივი ინტიმური ალერსი“. მოგვიანებით მბაპემ ჩვენება შეცვალა და დაწერა, რომ მისი სიტყვები „არასწორად იქნა ინტერპრეტირებული“ და ტერმინი „ინტიმური ალერსი“, რომელიც მან გამომძიებლებთან გამოიყენა, არ ნიშნავდა ალერსს გენიტალიებზე.

მაროკოელი ფეხბურთელი ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: „სამართალდამცველებმა თვალებში ჩამხედეს და მითხრეს: „ცნობილი რომ არ ყოფილიყავი, ეს საქმე საერთოდ არ იარსებებდა“. წლების განმავლობაში დუმილი ვარჩიე. ვფიქრობდი, რომ ღირსების შენარჩუნება, მოთმინება და მართლმსაჯულების სისტემის ნდობა სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გააჩენდა. დღეს კი ჩემი ოჯახის, ჩემი ცხოვრების და, რაც მთავარია, სიმართლის ხარჯზე ყვებიან ისტორიას, რომელიც რეალობა არ არის. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იოლი სამიზნე გავხდი. ამ სასამართლო პროცესს პირველივე დღიდან ველოდებოდი და ახლა მოუთმენლად ველი მას. საბოლოოდ, მე შევძლებ ლაპარაკს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯასტინის წყალობით შესანიშნავი კვირა მქონდა“ - ნგანუ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე
„ჯასტინის წყალობით შესანიშნავი კვირა მქონდა“ - ნგანუ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე