„უფრო რთულ მატჩს ველოდი“ - პოჩეტინო ავსტრალიასთან გამარჯვების შემდეგ
მაურისიო პოჩეტინოს აშშ-მ მუნდიალზე დამაჯერებელი სვლა განაგრძო და ამჯერად ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა (2:0), რის შემდეგაც 1/16-ფინალის საგზური გაინაღდა.
მატჩის შემდეგ, პრესასთან კომენტარი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და ამერიკელთა ფორვარდმა ფოლარინ ბალოგუნმა გააკეთეს.
მაურისიო პოჩეტინო: (აშშ-ის მთავარი მწვრთნელი)
„ვფიქრობ, ფანტასტიკური თამაში იყო, ძალიან კარგი პირველი ტაიმი. მიმაჩნია, რომ თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. როდესაც დეკემბერში წილისყრა გაიმართა, ვიფიქრე, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ გულშემატკივრების გამო. კრისტიანისთვის (პულისიჩი) თამაში შეუძლებელი იყო, მაგრამ თუ ჩვენ ამ ტურნირის მოგება გვინდა, მთელი გუნდი გვჭირდება“.
ტონი პოპოვიჩი: (ავსტრალიის მთავარი მწვრთნელი)
„არ ვიცი, ეს ამ მოვლენის (მატჩის მნიშვნელობის) ბრალი იყო თუ არა, მაგრამ დუნედ გამოვიყურებოდით, ფეხები დამძიმებული გვქონდა. ისინი უფრო სწრაფები იყვნენ, უფრო ძლიერები, მოიგეს ყველა დუელი, ყველა მეორე ბურთი, ხოლო როდესაც ასე ხდება, ძალიან რთულია რაიმე იმპულსის მიღება. ამასთან, ორი იოლი გოლი გავუშვით. მიმაჩნია, რომ მეორე ტაიმში რეაქცია ბრწყინვალე იყო. აქაური ხმაურის ფონზე, მასპინძელი ქვეყნის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში აჩვენეს, თუ რამდენად კარგები არიან“.
ფოლარინ ბალოგუნი: (აშშ-ის ფორვარდი)
„გვინდოდა სწრაფად დაგვეწყო, ისევე როგორც პარაგვაისთან გავაკეთეთ, და ამან თამაში ბევრად გააადვილა. ძალიან ბედნიერი ვარ ალექს ფრიმენის გამო - ის ძალიან თავმდაბალი და უბრალო ბიჭია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. ჩემთვის მთელ სამყაროს ნიშნავს იმის შესაძლებლობა, რომ გულშემატკივრებს ამ უდიდეს სცენაზე მადლობა გადავუხადოთ. ახლა დავისვენებთ და ძალებს აღვიდგენთ. ჩვენ მაინც გვინდა თურქეთის წინააღმდეგ მომდევნო მატჩის მოგება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ რეალისტები, შევინარჩუნოთ თავმდაბლობა და დარწმუნებული ვარ, კარგი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია“.
ბოლოს გეტყვით, რომ აშშ-ისთვის დღევანდელი გამარჯვება ისტორიული გახლდათ. „იანკებმა“ მუნდიალების ისტორიაში მიჯრით 2 მატჩი 1930 წლის შემდეგ პირველად მოიგეს.