„ჩემი 10 წლის შვილიც აჯობებს“ - სონენმა დუ პლესი გააკრიტიკა
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლიდან უკვე ზუსტად ერთი კვირა გავიდა, თუმცა გულშემატკივრები და შერეული ორთაბრძოლების ექსპერტები ხამზატ ჩიმაევსა და დრიკუს დუ პლესის შორის გამართულ დაპირისპირებაზე საუბარს არ წყვეტენ. ბუნებრივია, აბსოლუტური უმრავლესობა ახალ ჩემპიონს აქებს და სამხრეთ აფრიკელი ექს-ჩემპიონის სისუსტეს უსვამს ხაზს. მათ რიგებს მიეკუთვნება UFC-ის ყოფილი მებრძოლი ჩეილ სონენი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ბრძოლამდე ფავორიტად ჩიმაევს მივიჩნევდი, მაგრამ დუ პლესის უსუსურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მან და მისმა სამწვრთნელო შტაბმა 25 წუთის განმავლობაში არამხოლოდ პრობლემა ვერ გადაჭრა, არამედ ვერ მიხვდნენ, პრობლემის არსი რაში მდგომარეობდა.
თავს ნამდვილად ვერ იმართლებენ იმით, რომ ჩიმაევი ბავშვობიდან ჭიდაობს. იცით, რაშია საქმე? თეიქდაუნებისგან თავის დაცვაზე მუშაობას ნებისმიერი არამოჭიდავე პირველივე ვარჯიშიდან იწყებს. ამ ყველაფერს უდიდესი ენერგია სჭირდება, მაგრამ ჭიდაობაზე თუ არ იმუშავებ, UFC-ში არაფერი გესაქმება.
მე პირადად, ამ კომპონენტში მომატება კოლოსალურად დიდ დროს მახარჯვინებდა, მაგრამ კარგად ვხვდებოდი, რომ ამის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. დრიკუსს კი ვეტყვი, რომ თეიქდაუნებისგან თავს მასზე კარგად ჩემი 10 წლის შვილი იცავს და თუ მოინდომებს, მისგანაც ბევრ რამეს ისწავლის“.
შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესიმ საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ხამზატ ჩიმაევთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაკარგა, სადაც დაუმარცხებელმა ჩეჩენმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.