მიქაუტაძე მთავარი სამიზნეა - რომა ლიონის მდგომარეობას აკვირდება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „რომასთვის“ მთავარი პრიორიტეტი „ლიონიდან“ საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი მიქაუტაძის დამატება იქნება.
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომაული კლუბი „ლიონთან“ აქტიურ კონტაქტზეა და ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს. საბოლოოდ, ყველაფერი „ლიონის“ ბედზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფინანსური დავალიანების გამო „ლიონის“ ლიგა 2-ში დაქვეითების გადაწყვეტილება მიიღო, მდგომარეობის გამოსასწორებლად კი კლუბს რამდენიმეკვირიანი ვადა მისცეს. ამის გამო, „ლიონმა“ ცოტა ხნის წინ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რაიან შერკი „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდა და ასევე, სხვა ლიდერების გაყიდვასაც განიხილავს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძისას.
ამის გამო, „რომას“ მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი ალტერნატიულ ვარიანტად „ლეჩეს“ შემტევის, ნიკოლა კრსტოვიჩის შეძენას განიხილავს. თუ „ლიონი“ ფინანსურ მდგომარეობას გიორგი მიქაუტაძის გაყიდვის გარეშე გამოასწორებს, მაშინ ქართველ შემტევს გუნდიდან აღარ გაუშვებს, „რომა“ კი კრსტოვიჩის ვარიანტზე გადაერთვება.
ასევე იწერება, „ლიონთან“ მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს „სანდერლენდი“ და ფრანკფურტის „აინტრახტიც“ აწარმოებენ, ამ კლუბებმა კი შესაძლოა, „რომას“ მიერ შეთავაზებული პირობები გადაწონონ.