„მამის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ ვარ“ - ბრონი ლებრონის შესაძლო წასვლაზე
უკანასკნელ პერიოდში ამერიკულ სპორტულ პრესაში „ლეიკერსთან“ დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ზუსტად რატომ მოხდა ასე არავინ იცის, მაგრამ დეანდრე ეიტონის ლოს-ანჯელესის კლუბში ჩარიცხვის შემდეგ, კიდევ უფრო სისტემატური ხასიათი მიიღო ლებრონ ჯეიმსის შესაძლო წასვლაზე ცნობების გავრცელებამ და ვეტერანი კალათბურთელის აგენტის საკმაოდ ბუნდოვანმა განცხადებამ სიტუაცია კიდევ უფრო ჩახლართული გახადა.
საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით, ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტი ლებრონის შვილს, ბრონი ჯეიმსს დაუკავშირდა, თუმცა კონკრეტული მისგანაც ვერაფერი მოისმინა.
ბრონი ჯეიმსი
„გუშინ ერთმა მეგობარმა დამირეკა და მკითხა: „ბრონ, სად ითამაშებ მომდევნო სეზონში, რადგან მამაშენთან დაკავშირებით უამრავი რამ იწერება. წარმოდგენა არ მქონდა რას გულისხმობდა ის, რადგან ასეთ რაღაცეებს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ.
ლებრონთან მის მომავალზე და „ლეიკერსში“ მიმდინარე პროცესებზე არასოდეს ვსაუბრობ. მამა გამუდმებით მეუბნება, რომ ჭორებს არ ავყვე და მთელი კონცენტრაცია მოვახდინო იმაზე, რომ უკეთესი კალათბურთელი გავხდე. მერწმუნეთ, რაც არ უნდა მოხდეს, „ლეიკერსი“ მომდევნო სეზონში შარშანდელზე უკეთესი გუნდი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბრონი ჯეიმსმა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში მცირე სათამაშო დრო მიიღო და საშუალოდ 2.3 ქულას, 0.7 მოხსნასა და 0.8 ასისტს აგროვებდა.