ყველაზე მაღალი ხელფასი NBA-ის ისტორიაში | გილჯეს-ალექსანდერი ოკლაჰომაში რჩება
„ოკლაჰომა სითი თანდერის“ ლიდერი შეი გილჯეს-ალექსანდერი კლუბთან კონტრაქტს კიდევ 4 წლით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება.
4 წელიწადში „თანდერი“ კალათბურთელს 285 მილიონს გადაუხდის, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე მაღალი ხელფასია.
გილჯეს-ალექსანდერის კონტრაქტი 2027 წლამდე იყო გათვლილი (38,3 მლნ+40,8 მლნ), ახალი კონტრაქტი კი 2030-31 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ „ოკლაჰომას“ გამთამაშებელი, რომელიც რეგულარულ სეზონში საშუალოდ 32,7 ქულას, ხოლო ფინალურ სერიაში - 30,3 ქულას აგროვებდა, შეუერთდა ლეგენდარული კალათბურთელების სიას, რომლებსაც ერთ სეზონში ჩემპიონატისა და ფინალების MVP-ის ჯილდო მიუღიათ. აქამდე ეს მაიკლ ჯორდანმა (4), ლებრონ ჯეიმსმა (2), ლარი ბერდმა (2), ტიმ დანკანმა, შაკილ ონილმა, ჰაკიმ ოლაჯუვონმა, მეჯიქ ჯონსონმა, მოზეს მელოუნმა, კარიმ აბდულ-ჯაბარმა და უილის რიდმა შეძლეს.
ასევე 26 წლის გილჯეს-ალექსანდერი გახდა შაკილ ონილის (2000) შემდეგ პირველი კალათბურთელი, რომელიც ერთ სეზონში NBA-ის ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.