ბოლო წუთების დრამა - დილამ სუპერ თასის ფინალში სპაერი დაამარცხა
საქართველოს სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს გორის „დილა“ და „სპაერი“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება გორელებს დარჩათ - 2:0. ეს სუპერ თასის ფინალში მათთვის ისტორიაში პირველი გამარჯვებაა.
Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი „სპაერი“ 86-ე წუთზე გატყდა, როდესაც შოთა შეყილაძის პასით გორელთა ლეგიონერმა ჟოაო არაუჟომ ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ, „სპაერს“ უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა და მთელი ძალებით წინ წავიდა, რა დროსაც 92-ე წუთზე კონტრშეტევა მიიღეს და გიორგი ჩაბრაძემ ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მისთვის გორელთა რიგებში სადებიუტო გოლი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდს მალე კონფერენს ლიგაზე საკვალიფიკაციო მატჩები ელის. „დილა“ 10-17 ივლისს ლუქსემბურგულ „რასინგს“ დაუპირისპირდება. „სპაერი“ კი მეორე წრიდან დაიწყებს და 24-31 ივლისს ვენის „აუსტრიას“ შეხვდება.