ვაწაძის ეფექტური გოლით - დინამომ სანახაობრივ მატჩში მოიგო
Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დასრულდა. ტურის დასკვნითი შეხვედრები თბილისში გაიმართა. დღის პირველ მატჩში „სპაერი“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე „გაგრას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
„სპაერმა“ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, გიორგი ბუნტურის გოლით გახსნა. მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გიგა სამხარაძემ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დააფიქსირა.
განსაკუთრებით სანახაობრივი გამოდგა ტურის დასკვნითი მატჩი „რუსთავსა“ და „დინამო თბილისს“ შორის. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა, გამარჯვებული კი დინამო გახდა.
ანგარიში პირველ წუთზე „დინამომ“ აბდულაი იოროს გოლით გახსნა. „რუსთავმა“ 24-ე წუთზე წონასწორობა იუტა ნაკანოს გოლით აღადგინა. 38-ე წუთზე რუი მონტერიუმ „დინამო“ კიდევ ერთხელ დააწინაურა, რასაც საპასუხო შეტევაში ჯექსონ კენიოს გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. მეორე ნახევარში, მათე ვაწაძემ ეფექტური დარტყმით თბილისური კლუბი მესამედ დააწინაურა, რაც საბოლოოდ, გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა.
12 ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 24 ქულით „იბერია 1999“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 19 ქულით კვლავ „რუსთავი“ დარჩა. მესამე ადგილზე ასევე 19 ქულით „დილა“ იმყოფება, „დინამო თბილისი“ კი 18 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის შეხვედრები 15-17 მაისს გაიმართება.