„კვარა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“ - სვანაძემ ქართველი ვარსკვლავი შეაფასა
ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე „პარი სენ-ჟერმენი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. მიმდინარე სეზონში 25 წლის ქართველი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დედაქალაქური კლუბის რიგებში როგორც გოლების, ასევე საგოლე პასების რაოდენობით საუკეთესოა და გარდა ამისა, საკუთარი ტექნიკური არსენალის ხარჯზე რომ ნებისმიერ მატჩში განსხვავებას ქმნის, ამას არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც აღნიშნავენ. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კი, გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, კვარას პლანეტის საუკეთესო მოთამაშე უწოდა.
რამაზ სვანაძე
პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ქვეყანას ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემი აზრით ამ ეტაპზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რაზეც ფაქტებიც კარგად მეტყველებს. კვარა კეთილშობილი ადამიანია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და მინდა მან ყოველთვის ასეთ უდიდეს წარმატებებს მიაღწიოს.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ბევრი დიდი მწვრთნელია თანამედროვე ფეხბურთში, წარსულშიც იყვნენ და მომავალშიც იქნებიან, თუმცა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მეტოქე გუნდის სისტემური დაშლა. ასევე არ მახსენდება ბევრი სპეციალისტი, რომლის კლუბიდანაც მესი, ნეიმარი და მბაპე წავიდნენ და მან ამ კლუბის ასეთ მწვერვალებზე აყვანა მოახერხა.
ცნობისათვის, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს და „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „არსენალი“ იქნება, რომელიც ფინალში 20-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა და ეს ტურნირი ისტორიაში არასოდეს მოუგია.