„მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე“ | The Athletic-ის ჟურნალისტის ფავორიტი კვარაცხელიაა
ავტორიტეტულმა გამოცემამ, The Athletic-მა საკუთარ ჟურნალისტებს სთხოვა, „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულები დაესახელებინათ. ერთ-ერთი ჟურნალისტი, ჯეიმს ჰორნკასლი თვლის, რომ პრესტიჟული ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს და The Athletic-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მასზე ვრცლად საუბრობს.
„ბავშვობაში ოქროს ბურთის გამარჯვებულების შესახებ ალმანახებსა და ცნობარებს ვათვალიერებდი. მახსოვს, სიას თითით ჩამოვუყვებოდი ხოლმე და ვარშავის პაქტის ქვეყნების წარმომადგენელ ფეხბურთელებზე ვჩერდებოდი. იოზეფ მასოპუსტი, ლევ იაშინი, ფლორიან ალბერტი, ოლეგ ბლოხინი და იგორ ბელანოვი. მათში რაღაც იდუმალი, ამოუცნობი იყო.
ანდრეი შევჩენკოს შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელ ფეხბურთელს ოქროს ბურთი არ მოუგია და ძალიან მინდა, ეს ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ დაისაკუთროს. კვარაცხელია თანამედროვე ფეხბურთისთვის ისეთი იშვიათი მოვლენაა, როგორიც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.
მახსოვს, ნაპოლის რიგებში, ბენტეგოდიზე მის სადებიუტო შეხვედრას ვუყურებდი და ვფიქრობდი: „ეს ბიჭი აქ საიდან გაჩნდა? მოიცადეთ, დინამო ბათუმიდან?“ ვერონასთან მატჩში კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ კი მონცასთან დუბლი შეასრულა. მას თავიდანვე ეტყობოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულთან გვქონდა საქმე.
იმ სეზონის ბოლოს ნაპოლი ჩემპიონის სტატუსით შეხვდა და სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. 2025 წლის იანვარში კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოიგო. ამ ტრიუმფებში მისი წვლილი შემთხვევითი სულაც არ არის. არსაიდან გამოჩენილი ბიჭი იმარჯვებს იქ, სადაც, როგორც წესი, სხვებს მოგება არ გამოსდით.
დიახ, გასულ სეზონში მისი სტატისტიკა კილიან მბაპესა და ჰარი კეინის შედეგებს ჩამოუვარდებოდა და ყველა ტურნირზე სულ რაღაც 33 საგოლე მოქმედება ჰქონდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მის მიერ მოხდენილი გავლენა უბრალოდ განსაცვიფრებელი იყო. მონაკოსთან განსხვავება მისმა გოლმა შექმნა, ჩელსი გააწამა და სეზონის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. საუბარი გვაქვს ბაიერნთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პარი სენ-ჟერმენმა 5:4 მოიგო. მატჩზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კლასიკად იქცა.
როგორც ქართველს, ხვიჩა კვარაცხელიას არ აქვს ისეთი პროფილი ან ცნობადობა, როგორიც 30 ნომინანტს შორის მოხვედრილ სხვა ფეხბურთელებს. მაგალითად, მას არ ჰყავს რეალი და ჟოზე მოურინიო, რომლებიც კილიან მბაპეს ყოველ კვირა ლობირებენ. ამიტომ, ჩათვალეთ, რომ ეს კვარას ოქროს ბურთის მოგების კამპანიის დასაწყისია!“, — წერს ცნობილი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ცერემონია ლონდონში გაიმართება.