„ასე შეიძლება ილიას ცხოვრება დაუნგრიონ“ | UFC-ის ექს-მებრძოლი ორგანიზაციას აფრთხილებს
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, მეტ ბრაუნმა, რომელიც ორგანიზაციაში 2008 წლიდან 2024 წლამდე გამოდიოდა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბრაუნმა UFC გააფრთხილა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორთან“ მიმართებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
„UFC-ის ადგილას რომ ვიყო, ჩავთვლიდი, რომ გეიჯისა და თოფურიას მეორე ჩხუბი ძალიან კარგი იდეაა. მათი პირველი ორთაბრძოლა საოცარი დაპირისპირება იყო და გეიჯის მონაწილეობით გამართული ჩხუბები ყოველთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა ჯერ ილიასთან დალაპარაკებაა საჭირო.
წავიკითხე, თოფურიამ რაც დაწერა. წავიკითხე, სარკეში ჩახედვასა და ცხოვრების შეცვლაზე რაც ილაპარაკა და მისმა სიტყვებმა ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩინა. ილიას სჭირდება, რომ თავდაჯერება დაიბრუნოს? ისევ გეიჯისთან რომ აჩხუბონ, იგივე მოხდეს და სული ოქტაგონში დატოვოს, შეძლებს მის დაბრუნებას? მიმაჩნია, რომ ჯერ ილიასთან არის სალაპარაკო და, პირადად ჩემი გადმოსახედიდან, მას სჭირდება ბრძოლა, რომლითაც თავდაჯერებას დაიბრუნებს.
UFC-ის ლოგიკა მესმის და ვხვდები, რატომ უნდათ მეორედ ასეთი მაგარი ჩხუბის გამართვა, თუმცა ამის უარყოფითი მხარე ისაა, რომ შეიძლება, თოფურიას ცხოვრება დაუნგრიონ. თუ იგივე განმეორდა, რაც პირველ ჩხუბში, ილია ისეთი ვერასდროს დაბრუნდება, როგორიც იყო. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ გეიჯისთან პირველი მარცხის შემდეგ დაბრუნებას შეძლებს... თუ მისი მომავალი გაღელვებთ, ისეთი მეტოქე უნდა მისცეთ, როგორიც, მაგალითად, რენატუ მოიკანოა.
მას სჭირდება ორთაბრძოლა, რომელიც ბევრ რამეში დაეხმარება. კრივში მსგავსი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც მოკრივე ნამდვილ ომს გაივლის, არ ცდილობენ, იმავე მეტოქესთან აჩხუბონ, თუ, რა თქმა უნდა, არტურო გატიზე ან მიკი უორდზე არ გვაქვს საუბარი. კრივში ძალიან დიდი იშვიათობაა ასეთი მძიმე ჩხუბი მეორედ ჩანიშნონ და თან — რამდენიმე თვის შემდეგ. წაგებულ მოკრივეს უნდა დაეხმარო და მისცე საშუალება, მარცხის შემდეგ სწორ გზაზე დადგეს“.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის კომენტატორის, ჯონ ანიკის თქმით, ორგანიზაცია გეიჯისა და თოფურიას მეორე ჩხუბის გამართვას სერიოზულად განიხილავს. ჯასტინმა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.