ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

ორსულ მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებდნენ | გუგეშაშვილი გიოზთეფეში აღარ ითამაშებს

გიოზთეფეს განცხადება ლუკა გუგეშაშვილთან დაკავშირებით

„ჩვენი პროფესიონალური საფეხბურთო გუნდის მოთამაშის, ლუკა გუგეშაშვილის მიმართ, გუშინ საღამოს „გაზიანთეფთან“ გამართული მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენმა კლუბმა სადისციპლინო წარმოება დაიწყო.

სადისციპლინო პროცესის დასრულებამდე ჩვენი ფეხბურთელი გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშებს.

ვაცნობებთ საზოგადოებას''.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში პაოკ-მა ლუკა გუგეშაშვილი გიოზთეფეში ერთი სეზონით გაანათხოვრა, თავიდანვე ლუკა გუნდის პირველ მეკარედ განიხილებოდა და ჩემპიონატის საწყის სამ ტურში 90 წუთი ითამაშა. მესამე ტურში „გალათასარაისთან'' ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა მეოთხე ტურში, „გაზიანთეფთან'' მატჩის პირველ ტაიმში 4 გოლი გაუშვა და შესვენებისას მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა.

როგორც კრისტალსპორტისთვის გახდა ცნობილი, ე.წ. გულშემატკივრების ქცევა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, სტადიონზე სრული განუკითხაობა იყო. ლუკას ფეხმძიმე მეუღლეს, რომელიც ტრიბუნიდან მატჩს თვალს ადევნდებდა, მთელი მატჩის მიმდინარეობისას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყებდნენ. ლუკასთვის და მისი ოჯახისთვის სტადიონზე ძალიან მძიმე გარემო იყო... ჩვენი ინფორმაციით, ლუკა „გიოზთეფეში'' აღარ ითამაშებს, ამ კლუბში მისი კარიერა ოფიციალურად მალე დასრულდება. ლუკას კლუბის წარმომადგენლებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თუმცა ქომაგების ფაქტორიდან გამომდინარე ამ გუნდში აღარ ითამაშებს. ამ ეტაპზე სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე ქვეყანაშია ღია, მათ შორის საბერძნეთსა და ისრაელში.

მომხდარის შემდეგ ლუკამ Instagram-ზე ვრცელი ტექსტი დაწერა:

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლო სასტვენამდე იბრძვის. ხანდახან ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ხანდახან კი არა. ფეხბურთში არის კარგი დღეებიც და ცუდიც, მაგრამ ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ ჩემს ბრძოლისუნარიანობას, ხასიათს და იმ შრომას, რასაც ამ მაისურისთვის ვდებ.

რაც დღეს გააკეთეთ, გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არიან ნამდვილი „გიოზთეფეს“ გულშემატკივრებიც, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ეს კლუბი და ნებისმიერ ვითარებაში გუნდის გვერდით დგანან. მათდამი უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული გამაჩნია.

დიახ, შესაძლოა ახლა რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ პირველივე დღიდან, რაც „გიოზთეფეში“ მოვედი, არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ ამ კლუბის გერბი და სახელი არ დამეცვა. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში და მოედანზე... ყველგან სიამაყით წარმოვადგენდი და ვიცავდი „გიოზთეფეს“, ხოლო მათ, ვინც კლავიატურის უკან იმალება და იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: ცხოვრება გრძელია, სამყარო კი – პატარა. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით ქუჩაში ან სადმე სხვაგან...

ნამდვილ „გიოზთეფეს“ გულშემატკივრებს უსაზღვრო სიყვარულით.“

მატჩის შემდეგ თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენციაზე გუგეშაშვილზე ისაუბრა. ბულგარელმა სპეციალისტმა ახსნა, ლუკა შესვენებაზე რატომ შეცვალა: „როგორც მწვრთნელმა, ცვლილების განხორციელების გადაწყვეტილება მივიღე. ვხედავდი მის მიმართ რეაქციას, გულშემატკივრების რეაქციას. ჩავთვალე, რომ ეს უარყოფითად მოქმედებდა როგორც მასზე, ისე გუნდზე, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორსულ მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებდნენ | გუგეშაშვილი გიოზთეფეში აღარ ითამაშებს
ორსულ მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებდნენ | გუგეშაშვილი გიოზთეფეში აღარ ითამაშებს