მახაჩევი: იანი მერაბს მესამე ბრძოლას უფრო მარტივად მოუგებს
ისლამ მახაჩევი, მიიჩნევს, რომ 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გასამართ UFC 333-ის ტურნირზე მისი თანამემამულეები, პიოტრ იანი და მოვსარ ევლოევი, ოქტაგონს საჩემპიონო ქამრებით დატოვებენ.
მახაჩევის თქმით, ის ფიქრობს, რომ პიოტრ იანისთვის მერაბ დვალიშვილთან მესამე ბრძოლა უფრო მარტივი იქნება, ვიდრე მეორე დაპირისპირება, რომელშიც რუსმა ქართველს სუპერმსუბუქი წონის ტიტული წაართვა.
„გუშინ პიოტრს შემთხვევით შევხვდი და ცოტა ვისაუბრეთ. ვფიქრობ, პიოტრი წინა ბრძოლასთან შედარებით კიდევ უფრო მარტივად იჩხუბებს. პირველ ბრძოლაში ეტყობოდა, რომ პიოტრი სერიოზულად იყო ტრავმირებული, ხელითაც კი არ ურტყამდა, მაგრამ მეორე ბრძოლამ მისი დონე აჩვენა. მან ამ ბრძოლაში ძალიან მაგრად იჩხუბა. ვფიქრობ, მესამე ბრძოლა კიდევ უფრო ადვილი იქნება, რადგან პიოტრი ჭიდაობისგან თავს უფრო დამაჯერებლად დაიცავს და უბრალოდ დაარტყამს, მეტოქეს გადაუვლის.
მე და პიოტრმა ვისაუბრეთ - მას ძალიან ბევრი ტრავმა აქვს. ვფიქრობ, ის კიდევ რამდენიმე ბრძოლას ჩაატარებს და კარიერის დასრულებასთან ახლოს იქნება. ახლა პიოტრი თავის მეორე პიკზე გავიდა, დაიბრუნა ქამარი. საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ცოტა ადამიანს თუ დაუბრუნებია ქამარი, მაგრამ პიოტრი ხასიათის მქონე კაცია“,
- განაცხადა მახაჩევმა «Матч ТВ»-სთან ინტერვიუში.
ამასთან, მახაჩევი მიიჩნევს, რომ ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევს შორის სატიტულო ბრძოლა რთული იქნება, თუმცა რუსი ხუთიდან სამი რაუნდის მოგებას და საჩემპიონო ქამრის აღებას შეძლებს.
„მოვსარის შანსები მაღალია, მას არასდროს წაუგია. ყოველთვის თავის საბრძოლო სტილს ახვევდა თავს მოწინააღმდეგეს. მაგრამ ყველამ იცის, რომ ვოლკანოვსკი საჩუქარი არ არის. ის ბოლო წამამდე იბრძოლებს. ვოლკანოვსკის შესაჩერებლად, უბრალოდ „შუქი უნდა ჩაუქრო“. სხვანაირად შეუძლებელია - ეს ბიჭი ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა მოვსარს ყველა შანსი აქვს, რადგან არც ის ჩერდება, მიდის წინ, ჭიდაობს, აქცევს, ბოჭავს. ვფიქრობ, მას ყველა შანსი აქვს. ძალიან რთული ბრძოლა იქნება, ხუთრაუნდიანი ომი, მაგრამ ვფიქრობ, რაუნდების მიხედვით 3-2-ს მოვსარი მოიგებს“,
- განაცხადა მახაჩევმა.