The Athletic-ის ოქროს ბურთი რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა
France Football-ის მიერ „ოქროს ბურთის“ 30 პრეტენდენტის დასახელების შემდეგ ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, The Athletic-მა სია 10 ფეხბურთელამდე შეამცირა და საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მე-6 პოზიციაზე დააყენა.
„პსჟ-ს მიერ ზედიზედ მეორე მოგებული ჩემპიონთა ლიგა გუნდური მუშაობის შედეგი უფრო იყო, ვიდრე ინდივიდუალური ოსტატობის. ტრავმებმა გარკვეული როლი ითამაშა, ამიტომ რიგ შემთხვევაში პარიზელთა დაცვა და ნახევარდაცვა ვარსკვლავურ შეტევაზე უკეთ გამოიყურებოდა.
მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ნუნო მენდეში, ვიტინია და ჟოაო ნევეში შესანიშნავად თამაშობდნენ, თუმცა მათი პერსპექტივები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შემცირდა. „ოქროს ბურთის“ მოქმედმა გამარჯვებულმა, უსმან დემბელემ მუნდიალი 6 გოლით დაასრულა, მაგრამ ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმების გამო ჯამში 2000 წუთზე ნაკლები ითამაშა. ფაბიან რუისმა, რომელიც ესპანეთის შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე მუხლის ტრავმის გამო არაერთი მატჩი გამოტოვა.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ვერ გასვლამ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას სასარგებლოდ იმოქმედოს. ხვიჩას მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავდა.
25 წლის ფეხბურთელმა შემადგენლობის როტაციის გამო ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 2623 წუთი ითამაშა, მაგრამ 18 გოლისა და 10 ასისტის დაგროვება მოასწრო. სხვა პრეტენდენტებთან შედარებით ეს ციფრები გამორჩეული არაა, მაგრამ კვარაცხელია გადამწყვეტ მომენტებში უზრუნველყოფდა შედეგს.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალსა და მეოთხედფინალში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა, „ბაიერნთან“ ნახევარფინალში კი 2+1 ჰქონდა. ფინალში „არსენალთან“ პსჟ-მ ანგარიში კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით გაათანაბრა.
მსოფლიო ჩემპიონატის წელსაც კი, ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩას პერფორმანსი სათანადოდ უნდა დაფასდეს“.
The Athletic-ის ათეული ასე გამოიყურება: ჰარი კეინი, მაიკლ ოლისე, როდრი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ხვიჩა კვარაცხელია, ლამინ იამალი, ლუის დიასი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი.