ლუის ენრიკე
Aa
Aa

„გასაუმჯობესებელი ბევრი რამ გვაქვს, მაგრამ...“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის პირველ ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია:

სეზონის წარუმატებელი სტარტი:

თუ მხოლოდ შედეგებზე ვისაუბრებთ, სეზონის კატასტროფული დასაწყისია. თუმცა, როგორც მწვრთნელი, ვცდილობ შევაფასო და დავაფასო ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება. ნათელია, რომ გასაუმჯობესებელი ბევრი რამ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მეტ ქულას ვიმსახურებდით. თუმცა ეს ფეხბურთია, ამას ვიღებთ და მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მიზნები ჩემპიონთა ლიგაზე:

რასაც ამ ტურნირზე ვფიქრობ, არის ის, რომ ეს საუკეთესო და ყველაზე რთული შეჯიბრებაა, სადაც ისეთ მეტოქეებს ვეთამაშებით, რომლებთანაც სხვაობა ძალიან მცირეა. როგორ ფიქრობთ, რამდენ გუნდს შეუძლია მომდევნო ჩემპიონთა ლიგის მოგება? დაახლოებით? ექვსს? რვას? ხუთს? მათ შორის სხვაობა მართლაც მცირეა. ვიცით, რომ ტურნირის დასაწყისი კარგი გამოგვივიდა, მაგრამ ისიც ვიცით, თუ რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული. ხვალ ერთი შეხედვით მარტივ მატჩს ვთამაშობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი თამაშები არ არსებობს. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და ამ მატჩის მოსაგებად მზად ვიყოთ.

მოთამაშეების კონტრაქტები და მათი ხანგრძლივად შენარჩუნება:

გააჩნია მოთამაშეს... ყველა მოთამაშის შენარჩუნება შეუძლებელია. გუნდის ცხოვრებაში ნორმალურია, რომ მოთამაშეები ვარჯიშობენ, მიდიან და მოდიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ძალიან მშვიდად ვარ, რადგან საუკეთესო სპორტული დირექტორი და პრეზიდენტი გვყავს, რომლებიც აფასებენ და განსჯიან იმას, თუ რა არის გუნდისთვის საუკეთესო. ნათელია, რომ თქვენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეებზე ისაუბრეთ. ჩვენ ამ ყველაფერზე მოლაპარაკებებს კონფიდენციალურად ვაწარმოებდით და მომავალშიც ასე იქნება.

როგორ აანალიზებთ დაცვით სირთულეებს? რით ხსნით მათ? შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ, კონკრეტულად რა ელემენტებზე იმუშავეთ?

ამაზე როგორ უნდა ვისაუბრო? არა. მაგრამ მოთამაშეებს უნდა ვაჩვენოთ ის მცირე დეტალები, რისი გაუმჯობესებაც შეგვიძლია. არ გვიმართლებს ყოველ ჯერზე, როცა მეტოქეები კარში ურტყამენ. რადგან თუ გადახედავთ გოლებს, რომლებიც გავუშვით, ისინი ძალიან ლამაზი გოლები იყო. ამის გამო არ ვღელავ. საბოლოოდ, როცა სეზონს დავასრულებთ, შედეგი ისეთი იქნება, რასაც ვიმსახურებთ. ამ მხრივ მშვიდად ვარ. თუმცა გაუმჯობესება აუცილებელია. სწორედ ამის ჩვენებას ვცდილობდით მოთამაშეებისთვის ამ სეზონში. მნიშვნელოვანია მეტი კონცენტრაციის შენარჩუნება. რადგან ფეხბურთი სამართლიანი სპორტი არ არის. არის ბევრი მატჩი, სადაც მეტოქეზე მეტს იმსახურებ, მაგრამ შედეგი არ მოდის. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგიანობა, ეფექტურობა და ასევე ყველა მატჩის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნების უნარი.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დაამტკიცეთ, რომ შესაძლებელია პლეი-ოფების გავლით ტურნირის მოგება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნამდვილი ტურნირი თებერვალში იწყება და ამ პირველ ეტაპზე ზედმეტი წნეხი არ უნდა გქონდეთ?

მე გუნდსა და მოთამაშეებზე წნეხს მუდმივად ვინარჩუნებ. ვისურვებდი პირველ რვა გუნდში მოხვედრასა და პლეი-ოფების თავიდან არიდებას. თუმცა იმ წილისყრის გათვალისწინებით, რაც გვაქვს, ძალიან რთული იქნება. როდესაც ასეთი ტიპის მეტოქეები გყავს, გექნება მძიმე მატჩები, დაკარგავ ქულებს და, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში, გასვლა რთული იქნება. არა მხოლოდ საუკეთესო რვეულში, არამედ 24 გუნდს შორის მოხვედრაც. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მეტოქეებზე უარესები ვართ. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული წილისყრა შეგვხვდა. ეს უკვე ჩვევად გვექცა და ამას პოზიტიურად ვუყურებთ. თუმცა ჩვენი მიზანი, როგორც პირველივე დღეებში ვთქვით, იგივეა, რაც წინა წლებში: პირველ რვა გუნდში კვალიფიცირება. მაგრამ ვიმეორებ, ეს ძალიან რთული იქნება.

იაია ტურეს შესახებ:

ის კარგად მახსოვს, რადგან „ბარსელონაში“ ვიყავით, როცა ის პირველი გუნდის მოთამაშე იყო. იმ დროს მე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ან „ბარსელონა B“-ს მწვრთნელი ვიყავი. მახსოვს მისი, როგორც ტოპ-მოთამაშის დონე. მას აქვს მწვრთნელის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება. „სლოვან ბრატისლავა“ კი მისი პირველი გამოცდილებაა მთავარი მწვრთნელის რანგში; სწორედ ეს დავინახე, როცა მისი გუნდი გავაანალიზეთ. ის არის მწვრთნელი, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა და აქვს იმ სტილის გავლენა, რითიც „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა. ხვალ ვნახავთ, გაიმეორებს თუ არა იგივე სტრატეგიას, ფეხბურთის თამაშის იგივე სურვილს, თუ გადაწყვეტს უფრო დაცვითი იყოს. ვნახავთ, იქნება თუ არა ეს ისეთი რამ, რასაც მატჩის განმავლობაში უნდა გავუმკლავდეთ.

გაქვთ თუ არა შეგრძნება, რომ ამ სეზონში მესამე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გუნდის მიმართ კიდევ უფრო მომთხოვნი და მკაცრი უნდა იყოთ? გუნდის უმეტესობას ეს ტურნირი ორჯერ უკვე აქვს მოგებული. როგორ ახერხებთ ამას? შესაძლოა არსებობდეს განცდა: „ეს უკვე ორჯერ გავაკეთეთ და მესამედაც გამოგვივა“. გჭირდებათ თუ არა მათი ოდნავ „შენჯღრევა“?

ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, პირველივე დღეებიდან, როცა თქვენ გესაუბრებით, ვცდილობ ერთი და იგივე რამ გადმოგცეთ. წარსული არ მაინტერესებს. მართვის მოწმობა უნდა განაახლო. როგორ ამბობენ ხოლმე? მართვის მოწმობა ყოველწლიურად უნდა განაახლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ ყველა მოტივირებული და შემართულია. ყველა, განსაკუთრებით ჩვენს ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ის ფაქტია, რაც უნდა მივიღოთ. და ეს ნიშნავს, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ. მე მზად ვარ ვეცადო ამის გაკონტროლებას, ჩემი გუნდის გაუმჯობესებას და ჩვენი გულშემატკივრებისთვის იმის ჩვენებას, რომ ყოველდღიურად თავიდან უნდა გამოვიგონოთ საკუთარი თავი.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სლოვანის“ დაპირისპირება 9 სექტემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ, მკაცრი გადაწყვეტილებები საჭიროა“ - მარკინიოსმა პსჟ-ს სირთულეებზე ისაუბრა
„ზოგჯერ, მკაცრი გადაწყვეტილებები საჭიროა“ - მარკინიოსმა პსჟ-ს სირთულეებზე ისაუბრა