„ზოგჯერ, მკაცრი გადაწყვეტილებები საჭიროა“ - მარკინიოსმა პსჟ-ს სირთულეებზე ისაუბრა
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის პირველ ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პსჟ-ს კაპიტანმა, მარკინიოსმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მარკინიოსის პრესკონფერენცია:
სეზონის დაწყებიდან ლიგა 1-ში ექვსი გოლი გაუშვით, რვა - თუ გავითვალისწინებთ ჩემპიონთა ტროფესა და სუპერთასს. როგორ ხსნით ამ დაცვით სირთულეებს? რას მიაწერთ მათ?
მართალია, განსაკუთრებით მცველისთვის, ძალიან მტკივნეულია გოლების გაშვება. სეზონის დასაწყისში ბევრ გოლს ვუშვებთ. ვიცით რატომაც, ამაზე ვისაუბრეთ, მწვრთნელმა ვიდეოები გვაჩვენა. ვფიქრობ, ვმუშაობთ, რომ სულ უფრო მეტად გავუმჯობესდეთ. ეს გუნდური სამუშაოა. ვფიქრობ, დავუშვით რამდენიმე პატარა შეცდომა, რომელიც ჩვენს დონეს არ შეეფერება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როგორც ბოლო წლებში ვასრულებდით ხოლმე. ვმუშაობთ გასაუმჯობესებლად. ვიცით, რომ ეს სეზონის დასაწყისია. ყოველთვის არის პატარა შეცდომები, რომელთა დაშვებაც შეიძლება, მაგრამ მათი გამოსწორება ძალიან სწრაფად შეგვიძლია. უბრალოდ გულწრფელები უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან, ვეძებოთ რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთ. გვყავს მწვრთნელი, რომელიც ძალიან მომთხოვნია ჩვენს მიმართ, რომელიც გვეუბნება სიმართლეს. ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ და რა უნდა გავაუმჯობესოთ ხვალინდელი მატჩისთვის.
სეზონის დაწყებიდან ლუის ენრიკემ მენეჯმენტის კუთხით მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღო. მან რენის წინააღმდეგ, შესვენებაზე შეცვალა უსმან დემბელე. მონაკოს წინააღმდეგ განაცხადში არ შეიყვანა ლუკა დინი. ფიქრობთ თუ არა, რომ წარმატების გასაგრძელებლად ამ გუნდს სჭირდება ასეთი ტიპის მკაცრი მენეჯმენტი, სადაც ხელშეუხებელი სტატუსი არავის აქვს?
მას მკაცრი გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ სეზონში არ მიუღია. ვფიქრობ, ის არის მწვრთნელი, რომელიც აკეთებს იმას, რაც გუნდისთვისაა საჭირო. მას მართვის თავისი მეთოდები აქვს. მთავარია გუნდი ვარჯიშებზე 100%-ით იხარჯებოდეს, რათა თითოეულმა დაიმკვიდროს თავისი ადგილი და აჩვენოს მზაობა. ეს არის ის, რაც მას სურს და რასაც ითხოვს. ჩვენზე, ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ ყოველ ვარჯიშზე, ყოველდღე, ყოველ მატჩში და მოვიპოვოთ ჩვენი ადგილი. ეს აჩვენებს, რომ ყველამ უნდა იმუშაოს გუნდში ადგილის მოსაპოვებლად. ჩვენ გვყავს გუნდი, სადაც ბევრი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ზოგჯერ არიან მოთამაშეები, რომლებიც განაცხადს მიღმა უნდა დარჩნენ. ეს მტკივნეულია ჩვენთვის, როგორც მოთამაშეებისთვის. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებების მიღება მწვრთნელის საქმეა. ვფიქრობ, ყველას ესმის. არავის უყვარს განაცხადს მიღმა ან სათადარიგოთა სკამზე ყოფნა. მაგრამ ეს ფეხბურთია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კონკურენციისთვის. შემდეგ კი მწვრთნელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. მენეჯმენტმა, რომელსაც ის ახორციელებს, აქამდე ძალიან კარგად იმუშავა. ვფიქრობ, მას თავისი ფილოსოფია აქვს და არ ეშინია მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების, როცა ეს საჭიროა.
ეს კითხვა შარშანაც დაგისვეს, როცა ჩემპიონთა ლიგა მოიგეთ. რა გაფიქრებინებთ, რომ შეგიძლიათ ზედიზედ მესამედ მოიგოთ?
ეს ისტორიული მიღწევაა. ერთის მოგებაც ძალიან რთულია. ორის მოგება - კიდევ უფრო რთული. სამის მოგება - უკიდურესად რთულია. ძალიან ცოტა გუნდმა შეძლო ეს. ეს ფაქტი აჩვენებს, თუ რამდენად რთულია ეს ამოცანა. ძალიან ვაფასებ იმას, რაც მათ გააკეთეს. ეს ამბიციის, მოტივაციის და ფილოსოფიის საკითხია. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც გავაკეთეთ და მოვიგეთ, უკვე ისტორია და წარსულია. თუ კიდევ ერთხელ გვინდა მოგება, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები უნდა ვიყოთ. უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მოთხოვნების დონე. სხვა გუნდებმა ახალი მოთამაშეები დაიმატეს. ყველამ სცადა შემადგენლობის გაძლიერება. ეს სეზონი წინებზე კიდევ უფრო რთული იქნება. ჩვენ პირველივე მატჩიდან ვიბრძოლებთ იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შორს წასვლა ამ ტურნირზე.
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი უკვე ორი წელია არსებობს და თქვენ ორივე გათამაშება მოიგეთ ისე, რომ პლეი-ოფის გავლით მოგიწიათ თამაში და არ იყავით პირველ ადგილებზე. არის თუ არა ეს იმის მტკიცებულება, რომ ნამდვილი ტურნირი თებერვლიდან იწყება და ამ პირველ ეტაპზე ზედმეტი წნეხი არ უნდა გქონდეთ?
ვფიქრობ, ყველა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში, გვინახავს გუნდები, რომლებსაც სეზონის დასაწყისში სირთულეები ჰქონდათ, იანვრიდან ან თებერვლიდან კი გუნდი ძალებს იკრებს და ჩემპიონატების მოგებას ახერხებს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ეს გამოცდილება მივიღეთ, მაგრამ მართალია ისიც, რომ თუ შეგვიძლია სეზონი კარგად დავიწყოთ და კარგი ადგილი დავიკავოთ, ამას ვისწავლით, თუმცა ჩვენი იარაღით უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, სეზონის განმავლობაში სტაბილურობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე გქონდეს იმის ფუფუნება, რომ რაღაცები სამომავლოდ გადადო, მაგრამ ლიგაში სტაბილური უნდა იყო, სეზონში სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გავხდით ჩემპიონები ისე, რომ პლეი-ოფებიდან მოგვიწია თამაში, მაგრამ ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ ასე გვინდოდა. გვინდოდა უკეთეს პოზიციაზე ვყოფილიყავით, უკეთესი მატჩები ჩაგვეტარებინა, მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ასე მოხდა. ვფიქრობ, ამ სეზონში ჩვენი მიზანი არა პლეი-ოფში თამაში, არამედ ჯგუფში, საკვალიფიკაციო ეტაპზე უკეთესი ადგილის დაკავებაა. მართალია, ნამდვილი ტურნირი მერე იწყება, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი პოზიციის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სლოვანის“ დაპირისპირება 9 სექტემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.