„ოქროს ბურთს იმსახურებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო“ - ჰამანი კვარაზე
უმაღლეს დონეზე არაერთი გამორჩეული მარცხენა გარემარბი თამაშობს, მაგრამ მათ შორის რომელია საუკეთესო? მიუნხენის „ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა, GOAL-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ კითხვას უპასუხა და „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტიც დაასახელა. მას მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნომერ პირველი კანდიდატია.
„ვფიქრობ, კვარაცხელია საუკეთესოა და მიმაჩნია, რომ ის „ოქროს ბურთის“ კანდიდატი უნდა იყოს. ის გასულ სეზონში საუკეთესო მოთამაშე იყო. ცხადია, საქართველოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფილა. ეს პატარა ქვეყანაა და ნამდვილად არ არის მისი ბრალი, რომ ასე არ მოხდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას გარდა, ალბათ ლუის დიასი იყო საუკეთესო.
ცხადია, მე მხოლოდ იმის მიხედვით შემიძლია ვიმსჯელო, რაც გასულ სეზონში მოხდა. სხვა ფეხბურთელებს რომ შეხედოთ, ვინი? ვინი, ცხადია, ბევრ არაერთგვაროვან მოსაზრებას იწვევს. ვფიქრობ, ის ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ არ მომწონს მისი ზოგიერთი გამოხდომა თუ ყველაფერი, რასაც აკეთებს.
მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გასულ სეზონში, ალბათ კვარაცხელიას, დიასსა და ვინი ჟუნიორს გამოვარჩევდი. დიასი გასულ სეზონში უდავოდ მეორე საუკეთესო მარცხენა გარემარბი იყო, რადგან აბსოლუტურად გამორჩეული გახლდათ. მან მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ბევრი არ დაუსვენია, ასე რომ ვნახავთ, როგორ წავა საქმე ამ სეზონში. მაგრამ გასული წელი ბრწყინვალე იყო.
მბაპე? ჩემთვის, ახლა, ის ტოპ სამეულშია. მას წარმოუდგენელი წელი ჰქონდა და ჩემთვის, ის ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ თავდამსხმელობა გოლის გატანის მეტ შესაძლებლობას გაძლევს, ამიტომ უფრო დიდი შანსია, რომ ხალხმა ის კეთილგანწყობით შეაფასოს.
ჩემთვის პირადად, კვარა იმსახურებს „ოქროს ბურთს“. ის ფენომენალური იყო და თან იყო გარემარბი, როცა ასეთი გავლენა და ასეთი წარმატებული კამპანია გაქვს... ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ერთად, ვფიქრობ, ფეხბურთელები დაგვეთანხმებიან, რომ კვარა გასულ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო“.
- განაცხადა ჰამანმა.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.