პრემიერ ლიგის ორი გრანდის ინტერესი | თორნიკე კვარაცხელია ინგლისური კლუბების რადარზეა
„დინამო თბილისის“ ფეხბურთელს, თორნიკე კვარაცხელიას ორი მსურველი გამოუჩნდა. Teamtalk-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმით „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებული.
„როგორც TEAMtalk-ისთვის გახდა ცნობილი, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის იმ კლუბების სათავეში არიან, რომლებიც თბილისის „დინამოს“ ვუნდერკინდით, თორნიკე კვარაცხელიათი ინტერესდებიან.
TEAMtalk-ი ექსკლუზიურად იუწყება, რომ 16 წლის თორნიკეს გარშემო კონკურენცია სულ უფრო იზრდება. პრემიერლიგის გრანდებს სწრაფი მოქმედება მართებთ, თუ სურთ, რომ გარიგება დახურონ. ბუნებრივია, ისინი არ არიან პირველი გრანდები, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელით სერიოზულად დაინტერესდნენ.
„ბაიერნმა“ ტალანტს თვალი უკვე დაადგა და მის ხელში ჩასაგდებად ბრძოლაში ფავორიტადაც გამოიკვეთა. TEAMtalk-ის წყაროები ადასტურებენ, რომ კვარაცხელიამ ამ ზაფხულის დასაწყისში გერმანულ გრანდში ივარჯიშა და „ბაიერნი“ მის ტრანსფერზე მუშაობის გაგრძელებით კვლავ დაინტერესებული რჩება.
შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კონტაქტზე „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ბრაიტონი“ და „ასტონ ვილაც“ გავიდნენ. „არსენალსა“ და „ნიუკასლს“ კი მის გარშემო შექმნილი სიტუაციის შესახებ ინფორმაცია აქვთ“, — წერს ცნობილი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია 16 წლისაა და „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.