ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

„ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ ჩემს ბრძოლისუნარიანობას“ - გუგეშაშვილის მძიმე მატჩი თურქეთში

თურქეთის სუპერლიგის მე-4 ტურში ლუკა გუგეშაშვილის „გიოზტეპემ“ საკუთარ მოედანზე „გაზიანტეპს“ უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა.

მძიმე მატჩი ჰქონდა ქართველ მეკარეს. ლუკა გუგეშაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ ნახევარში მეტოქისგან 4 გოლი გაუშვა, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა შესვენებაზე სათადარიგო მეკარით შეცვალა, როდესაც ანგარიში 0:4 იყო. დარჩენილ დროში მასპინძლებმა ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს, თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ „გიოზტეპე“ რთულ პერიოდს გადის. ასევე, გუგეშაშვილმა თავის ბრძოლისუნარიანობასაც გაუსვა და აღნიშნა, რომ გუნდის წარმატებისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.

რას წერს გუგეშაშვილი:

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლო სასტვენამდე იბრძვის. ხანდახან ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ხანდახან კი არა. ფეხბურთში არის კარგი დღეებიც და ცუდიც. მაგრამ ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ ჩემს ბრძოლისუნარიანობას, ხასიათს და იმ შრომას, რასაც ამ მაისურისთვის ვდებ.

რაც დღეს გააკეთეთ, გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არიან ნამდვილი „გიოზტეპეს“ გულშემატკივრებიც, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ეს კლუბი და ნებისმიერ ვითარებაში გუნდის გვერდით დგანან. მათდამი უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული გამაჩნია.

დიახ, შესაძლოა ახლა რთულ პერიოდს გავდივართ. მაგრამ პირველივე დღიდან, რაც „გიოზტეპეში“ მოვედი, არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ ამ კლუბის გერბი და სახელი არ დამეცვა. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში და მოედანზე... ყველგან სიამაყით წარმოვადგენდი და ვიცავდი „გიოზტეპეს“.

ხოლო მათ, ვინც კლავიატურის უკან იმალება და იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: ცხოვრება გრძელია, სამყარო კი – პატარა. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით ქუჩაში ან სადმე სხვაგან...

ნამდვილ „გიოზტეპეს“ გულშემატკივრებს უსაზღვრო სიყვარულით.“

4 ტურის შემდეგ „გიოზტეპე“ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 1 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს, სტუმრად „ალანიასპორთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქის დაცვა გააგიჟა!“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
„მეტოქის დაცვა გააგიჟა!“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს