„მეტოქის დაცვა გააგიჟა!“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „ვენეციას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 83-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, კვერნაძემ „ვენეციის“ კარში თავის გუნდისთვის მესამე გოლი გაიტანა და საბოლოოდ, „ფროზინონემ“ მისი გოლით გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე იტალიურმა სააგენტომ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.
Frosinonetoday: 7 ქულა - დიდი თავდადებით ჩატარებული მატჩი, რომელიც განსაკუთრებით ფასეულია დაცვაში გაწეული სამუშაოს გამო. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში მან შეასრულა ისეთი მოქმედება, რომელიც სამ ქულად ფასობს: მისმა გოლმა „ფროზინონეს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
Ciociariaoggic: 7.5 ქულა - მის გოლს მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მას შემდეგ, რაც „ვენეციამ“ ორი გოლი გაქვითა, აუწერელი ფასი აქვს.
Tuttomercatoweb: 7.5 ქულა - ფლანგზე მთელი სისწრაფით უტევდა და მეტოქის დაცვას აგიჟებდა. ის გოლს იმსახურებდა და 90-ე წუთამდე ცოტა ხნით ადრე ტერფის შიდა ნაწილით შესრულებული რბილი დარტყმით გაიტანა კიდეც, რითაც თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
Tuttofrosinone: 7 ქულა - მარცხენა ფლანგზე ულევი ხარისხი და შრომისუნარიანობა აჩვენა. მან თავისი ბრწყინვალე თამაში გამარჯვების გოლით დააგვირგვინა, რამაც სტადიონი ააფეთქა.
სერია A-ს ახალ სეზონში გიორგი კვერნაძემ სამი მატჩი ჩაატარა და სამივეში სასტარტოში იყო, მის ანგარიშზე კი ერთი 1-1 გოლი და საგოლე გადაცემაა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი იტალიის თასზე, „იუვე სტაბიასთანაც“ გამოიჩინა, სადაც მეტოქეს ორი გოლი გაუტანა.
3 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 12 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოასთან“ გამართავს.