გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

CDS: გასპერინისთან თამაშით სიამოვნებას მიიღებს, რომამ უნდა იჩქაროს

მას შემდეგ, რაც „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, გიორგი მიქაუტაძეს ახალ გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, რაც როგორც ჩანს მხოლოდ დროის ამბავია და ჟორჟს მალე სხვა ლიგაში და სხვა მაისურში ვიხილავთ.

იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი წერს, რომ „რომა“ ჟორჟით სერიოზულად ინტერესდება და მათ სწრაფად მოქმედება მოუწევთ, რომ ქართველის გაფორმება შეძლონ. გარდა ამისა, გამოცემა მიქაუტაძის სათამაშო სტილსაც უსვამს ხაზს.

„გასპერინის სურს, რომ სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის სრული შემადგენლობა რაც შეიძლება სწრაფად ჰყავდეს. მას სჭირდება 2 მცველი, ერთი მარჯვენა ფლანგის მოთამაშე, ერთი ნახევარმცველი და ორიც ფორვარდი - აქედან ერთი სუფთა 9 ნომერი და მეორე უკან დახეული შემტევი. ტამი აბრაჰამი ბეშიქთაშში გადავიდა, ელდორ შომუროდოვის მომავალი გაურკვეველია, თუმცა მისი წასვლაც შესაძლებელია. ისმის კითხვა: რამდენად შეძლებს კლუბის სპორტული დირექტორი მასარა ამ პრობლემის მოგვარებას? რომ შეიძინოს ისეთი ფორვარდი, რომელიც ორივე პოზიციაზე ითამაშებს. ბაზარზე ასეთი შემტევი ამჟამად არის - ლიონის 24 წლის მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე. კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, ლიგა 2-ში დაქვეითდნენ და მოთამაშეების გაყიდვა მოუწევთ.

მიქაუტაძეს შეუძლია თავდასხმაში სამ პოზიციაზე ითამაშოს: ცენტრფორვარდად, უკან დახეული თავდამსხმელად და მარცხენა გარემარბად. ის წყვილში დოვბიკთან თამაშსაც შეძლებს. მას ასევე ერთადერთ ფორვარდად თამაშიც შეუძლია. ქართველ შემტევს შეუძლია სიღრმიდანაც იმოქმედოს, ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღოს. ის თანამედროვე სტილის თავდამსხმელია, რომელიც ხაზებს შორის ჭკვიანურად მოქმედებს. კრეატიული ფეხბურთელია და გასპერინის ხელში ის თამაშისგან სიამოვნებას მიიღებს.

რომაელებს მისი შეძენა 20-23 მილიონი ევროს ფარგლებში შეეძლებათ, თუმცა მიქაუტაძის დამატებით სანდერლენდი და ფრანკფურტის აინტრახტიც ინტერესდება. ამიტომ, მასარას მოუწევს, რომ ეს ტრანსფერი რაც შეიძლება სწრაფად დახუროს“.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე იქნება ღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები