ჯორდანმა დაასახელა 4 კალათბურთელი, რომლებიც მის ეპოქაში თამაშს შეძლებდნენ
კალათბურთის ლეგენდამ, მაიკლ ჯორდანმა დაასახელა 4 კალათბურთელი, რომლებიც მის ეპოქაში NBA-ში მაღალ დონეზე თამაშს შეძლებდნენ.
NBA-ის ექვსგზის ჩემპიონის თქმით, ერთ-ერთი ასეთი კალათბურთელი, რა თქმა უნდა, კობი ბრაიანტია.
ბრაიანტმა ლეიკერსში ზედიზედ 20 სეზონი გაატარა და თავისი ეპოქის საუკეთესო მოთამაშე იყო. ხუთჯერ მოიგო NBA და ზედიზედ ორჯერ გახდა ფინალის MVP. მეტიც, თუ ჯორდანს შევადარებთ, ბრაიანტი უფრო მეტჯერ მოხვდა „ოლ სთარში“ (18). NBA-ში ჩაგდებული ქულებით ბრაიანტი ყველა დროის რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა.
„მისი უჰაეროვნესობის“ მიერ დასახელებულ ოთხეულში მოხვდა ლებრონ ჯეიმსიც.
ლებრონი ლოს-ანჯელესში 2018 წელს გადავიდა და კობისგან გუნდის მთავარი ვარსკვლავის სტატუსი გადაიბარა. ლებრონი უკვე გახდა NBA-ის ყველა დროის საუკეთესო „მექულე“. მას ეკუთვნის „ოლ სთარში“ მოხვედრის რეკორდიც - 2005 წლიდან მოყოლებული ზედიზედ 21 სეზონი. ლებრონი NBA-ის ოთხგზის ჩემპიონია და ლიგის ისტორიაში პარკეტზე ყველაზე მეტი წუთი აქვს გატარებული.
სავსებით სამართლიანია, რომ ჯორდანი მიერ დასახელებულ ოთხეულში „სპურსის“ ლეგენდარული სამეულის ერთ-ერთი წევრი - ტიმ დანკანიც მოხვდა.
ისევე როგორც კობიმ, დანკანმაც მთელი კარიერა ერთ კლუბს მიუძღვნა. ტიმის 19-წლიანმა კარიერამ სან ანტონიოში გაიარა (1997-2016). დანკანმა ხუთჯერ მოიგო NBA-ის ჩემპიონატი, 15-ჯერ მოხვდა „ოლ სთარში“, სამჯერ გახდა ფინალის MVP და ორჯერ - სეზონის MVP. ისევე როგორც კობის შემთხვევაში, დანკანის 21-ნომრიანი მაისური ხმარებიდანაა ამოღებული, რაც „სპურსის“ წინაშე მის ღვაწლს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
მეოთხე კალათბურთელი, რომელიც, ჯორდანის აზრით, მის ეპოქაში მაღალ დონეზე თამაშს შეძლებდა, დირკ ნოვიცკია.
მიუხედავად იმისა, რომ ნოვიცკი არც ამერიკელია, და არც კობის, ლებრონისა და დანკანის მსგავსი მიღწევები აქვს, დირკი თავის წარმატებას სიმაღლეს უნდა უმადლოდეს. ნოვიცკიმ „დალასში“ 21 სეზონი გაატარა, რაც NBA-ის ისტორიაში ერთ გუნდში გატარებული ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. ასევე, ნოვიცკი 14-ჯერ მოხვდა „ოლ სთარში“, არის NBA-ის ჩემპიონი, ფინალისა და სეზონის MVP.