„მინდა, რომ მისგან უფრო მეტი ვნახო“ - ედი ალვარესმა თოფურია მე-7 ადგილზე გაიყვანა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ედი ალვარესმა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგი შეადგინა.
ედი ალვარესის სიაში მე-7 ადგილზე ილია თოფურია მოხვდა. საგულისხმოა, რომ ამერიკელმა მებრძოლმა „მატადორი“ კონორ მაკგრეგორზე ერთი საფეხურით წინ დააყენა.
ედი ალვარესი:
„მეშვიდე ადგილზე თოფურიას დავაყენებდი. მისი დამარცხებული მებრძოლების სია შთამბეჭდავია. მან ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები დაამარცხა, მაგრამ იმისთვის, რომ სიაში უფრო მაღლა დადგეს, უფრო მეტი უნდა გვანახოს. მინდა, რომ ის უფრო ხანგრძლივ პერიოდში ვნახო, სულ ესაა. მინდა, რომ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იყოს დიდებული და შემდეგ ახლიდან შევძლო მისი შეფასება. იმის მიუხედავად, რომ ბოლო სამი ბრძოლა დიდებულ სახელებთან შთამბეჭდავად მოიგო, მაინც რთულია მისი შეფასება. ზოგი იტყვის, რომ ის პირველი ნომერია, რადგან ვოლკს, მაქსს და ჩარლზს მოუგო“.
„ვფიქრობ, რომ საუკეთესო ჯონ ჯონსია. შეიძლება, მე და ის ერთმანეთს კარგად ვერ ვუგებთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ შეუძლებელია არ დააფასო ის ყველაფერი, რაც მან ორ დივიზიონში გააკეთა. ჯონსმა ყველა მეტოქე უბრალოდ გაანადგურა და თანაც ეს საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ გააკეთა. მისი და ილიას გზა თითქოს მსგავსია, მაგრამ ჯონსის მემკვიდრეობა შეუდარებელია“.
ილია თოფურიას MMA-ში 17 ბრძოლა აქვს გამართული და ამ დრომდე დაუმარცხებელია. ქართველმა მებრძოლმა გასულ უქმეებზე, ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩმპიონის ქამარი მოიპოვა. მანამდე „მატადორმა“ ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი ასევე ნოკაუტებით დაამარცხა.