„კვარას იდეალური შემცვლელი იქნება“ - ფედელე ნაპოლის ლუკმენის ყიდვას ურჩევს
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ იტალიურ მედიასთან „ნაპოლის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და კლუბის ხელმძღვანელებს „ატალანტას“ შემტევის, ადემოლა ლუკმენის შეძენა ურჩია.
ფედელე ამბობს, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიას იდეალური შემცვლელი იქნება.
ენრიკო ფედელე:
„ლუკმენი „ნაპოლის“ ხარისხში დიდ ნახტომს გააკეთებს. „ატალანტასთან“ კონტრაქტი მალე ეწურება და მგონია, მისი გაყიდვა ბერგამოელებისთვისაც უკეთესი იქნება, რადგან ამით დიდ ფინანსურ სარგებელს ნახავენ“.
„შეიძლება, სტილისტურად კვარაცხელიას მსგავსი არ არის, მაგრამ ხარისხით ქართველთან ახლოს დგას. მგონია, რომ ის კვარას იდეალური შემცვლელი იქნება“.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ მიმდინარე წლის იანვარში დატოვა და პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ნახევარ სეზონში ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რაც შეეხება ადემოლა ლუკმანს, ნიგერიელმა ფორვარდმა გასულ სეზონში „ატალანტას“ მაისურით სერია A-ში 31 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.