ატლანტა ჰოუქსი დატოვა - კოკოშკოვის ახალი გუნდი ცნობილია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი „ანადოლუ ეფესის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს და 53 წლის სერბი სპეციალისტის დანიშვნა თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. კოკოშკოვი გასულ სეზონში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე „ატლანტაში“ მუშაობდა, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე „ჰოუქსი“ დატოვა.
„ანადოლუ ეფესის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური ლუკა ბანკის წასვლის შემდეგ გახდა. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში თურქებმა ევროლიგის რეგულარული ეტაპი 20 მოგებითა და 14 წაგებით მეექვსე ადგილზე დაასრულეს, ხოლო პლეი ოფის პირველივე ეტაპზე საბერძნეთის „პანათინაიკოსთან“ მეოთხედფინალურ სერიაში 2:3 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. „ეფესი“ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელიც ქვეყნის 16-გზის ჩემპიონი, თასის 12-გზის (სარეკორდო მაჩვენებელი) მფლობელი და ევროლიგის ორგზის გამარჯვებულია.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2008-2015 წლებში ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ევრობასკეტზე პირველად, 2011 წელს იასპარეზა.