უცნაური ამბავი - პსჟ-ინტერის მატჩზე ფიფა დორტმუნდი-მონტერეის უფასო ბილეთებს არიგებდა
გულშემატკივრებმა, რომლებმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერ მაიამის“ მატჩის ბილეთები იყიდეს, საჩუქრად „დორტმუნდისა“ და „მონტერეის“ მატჩის 2-2 მოსაწვევი მიიღეს. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.
მიუხედავად ამისა, „დორტმუნდი“-„მონტერეის“ მატჩს, რომელიც 71-ათასიან „მერსედეს ბენც არენაზე“ გაიმართა, მხოლოდ 31 442 ადამიანი დაესწრო.
მანამდე ფიფამ „ინტერი“-„ფლუმინენსეს“ მატჩის 2-2 მოსაწვევი დაურიგა გულშემატკივრებს, რომლებიც „ბენფიკასა“ და „ჩელსის“ შორის გამართულ მატჩს ესწრებოდნენ. ორივე მატჩი ქალაქ შარლოტში, „ბანკ ოფ ამერიკას“ სტადიონზე გაიმართა.
საერთო ჯამში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალებზე გულშემატკივრებმა ტრიბუნების მხოლოდ 62% გაავსეს. ყველაზე მაღალი, 95%-იანი დასწრება დაფიქსირდა „რეალი“-„იუვენტუსის“ მატჩზე, ყველაზე დაბალი კი „ინტერი“-„ფლუმინენსეს“ მატჩში (27%) დაფიქსირდა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც ახალი ფორმატით წელს პირველად იმართება, აშშ მასპინძლობს. ქვეყანა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.