ტაფარელი შეცვალა | მამარდას გუნდს მეკარეების ახალი მწვრთნელი ჰყავს
„ლივერპულის“ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია - არნე სლოტის ასისტენტად ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯოვანი ვან ბრონხორსტი დაინიშნა.
ცვლილებები შეეხო სამწვრთნელო შტაბის სხვა პოზიციებს. პირველი გუნდის მეკარეების მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ლეგენდარულმა კლაუდიო ტაფარელმა, რომელიც „ენფილდზე“ 2021 წლიდან მუშაობდა. პარალელურად, ტაფარელი ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც შედიოდა და ახლა მუშაობას მხოლოდ „პენტაკამპეონებთან“ გააგრძელებს.
რაც შეეხება „ლივერპულის“ მეკარეების ახალ მწვრთნელს, ალისონ ბეკერი, გიორგი მამარდაშვილი და „წითლების“ კიდევ ერთი ახალწვეული, ფრედი ვუდმანი ესპანელ ხავი ვალეროსთან იმუშავებენ. ვალერო ყოფილი მეკარეა, კარიერის უდიდესი ნაწილი საშუალო დონის ესპანურ კლუბებში გაატარა, შემდეგ კი მეკარეების მწვრთნელად დაიწყო მუშაობა.
2007 წლიდან ვალერო რაფაელ ბენიტესის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, მასთან ერთად უმუშავია „ლივერპულში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „ნაპოლიში“ და „რეალში“. 2018 წლიდან ის მანუელ პელეგრინისთან ერთად „ვესტ ჰემში“ მუშაობდა, ახლა კი „ენფილდზე“ დაბრუნდა და სლოტის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი შარშან გააფორმა და ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩა. უახლოეს დღეებში ქართველი მეკარე არნე სლოტის გუნდთან ერთად მოსამზადებელ შეკრებას დაიწყებს.