„თუ მიდიხარ, წადი“ - ლაუტარო ჩალჰანოღლუს დაუპირისპირდა
ლაუტარო მარტინესი ჰაკან ჩალჰანოღლუს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta Dello Sport-მა გაავრცელა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში „ფლუმინენესთან“ (0:2) განცდილი მარცხის შემდეგ, „ინტერის“ არგენტინელმა ფორვარდმა და კაპიტანმა თურქ ნახევარმცველს ხმამაღლა მიმართა: „შენი სიტუაცია მარტივია: „გინდა დარჩენა - დარჩი, თუ არ გინდა - დროზე წადი“.
„ინტერის“ გენერალური დირექტორის, ბეპე მაროტას თქმით, მარტინესის გაღიზიანება გამოიწვია ჩალჰანოღლუს ირგვლივ აგორებულმა სატრანსფერო მითქმა-მოთქმამ, რამაც არგენტინელი ფორვარდის აზრით, გუნდზე ცუდი ზეგავლენა მოახდინა. თურქი ნახევარმცველი საკლუბო ჩემპიონატზე ნერიაძურის ვერ ეხმარებოდა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ჩასული და ლაუტაროს კრიტიკას სოციალური ქსელის საშუალებით ასე უპასუხა: „კაპიტნის საქციელი, რომელიც გუნდს გაერთიანების ნაცვლად, ბანაკებად ყოფს. არასოდეს მითქვამს, რომ „ინტერში“ რაიმეთი უკმაყოფილო ვარ“.
მომხდარის გათვალისწინებით, მთავარი მწვრთნელის კრისტიან კივუს ორგანიზებით შედგა საგანგებო კრება, სადაც რუმინელმა სპეციალისტმა არამხოლოდ კონფლიქტის მონაწილე, არამედ გუნდის სხვა ფეხბურთელების პოზიციებიც მოისმინა. თუმცა, კივუს სურვილმა, რომ ლაუტარო მარტინესი და ჰაკან ჩალჰანოღლუ შეერიგებინა, სათანადო შედეგი ვერ გამოიღო, რაც თურქი ნახევარმცველის წასვლის მანიშნებელი უნდა იყოს.
ცნობისათვის, ჩალჰანოღლუს დამატების ყველაზე დიდი მსურველი „გალათასარაია“, რომლის ხელმძღვანელებმაც ფეხბურთელის აგენტთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა „ინტერის“ შეფებთან საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება, რადგან სტამბოლელები მილანელების მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.