მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი „დორტმუნდისა“ და „მონტერეის“ დაპირისპირებით დასრულდა. „შავ-ყვითლებმა“ მექსიკური გუნდი 2:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალში „რეალს“ შეხვდებიან.
მატჩი „დორტმუნდის“ უპირატესობით დაიწყო. მე-14 წუთზე, კარიმ ადეიემის გადაცემით სერჰუ გირასიმ ისარგებლა და გერმანელები დააწინაურა. 10 წუთში, ადეიემისა და გირასის დუეტმა კიდევ ერთი საგოლე მოქმედება მიითვალა და სცენარი ზუსტად იგივე იყო - ადეიემის პასი, გირასის გოლი.
„დორტმუნდმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. 48-ე წუთზე, „მონტერეიმ“ ჩამორჩენა შეამცირა. გრეგორ კობელის კარი ხერმან ბერტერამემ აიღო. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა - 2:1.
ამრიგად, მეოთხედფინალური ეტაპი 4 ივლისს დაიწყება და პირველ წყვილში, საუკეთესოს ვინობას „ფლუმინენსე“ და „ალ-ჰილალი“ გაარკვევენ. მათი გამარჯვებული „პალმეირასისა“ და „ჩელსის“ წყვილის მოგებულზე გავა. სატურნირო ბადის მეორე მხარეს, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება გველოდება. მათი გამარჯვებული „რეალისა“ და „დორტმუნდის“ წყვილის საუკეთესოს შეხვდება.