„მისი მომავალი ჩვენს ხელშია“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე
„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ჰორნელანდმა ფრანგულ მედიასთან გუნდის ლიდერების, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბი მათ შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
რას ამბობს ჰორნელანდი:
„სტასინისა და დავითაშვილის მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. ამ ფეხბურთელებს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებთ, რომელიც გასულ სეზონში გაფორმდა. მიხარია, რომ ჩვენს ყველა მოთამაშეს დიდი ამბიცია აქვს, ეს ამბიციები ლიგა 2-ს სცდება, დივიზიონს, რომელშიც ახალ სეზონში ვითამაშებთ. ყველა მათგანი იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელიც მთავარი ლიგიდან გავარდა, მაგრამ ახლა ისინი ერთად იბრძოლებენ ლიგა 1-ში დასაბრუნებლად“.
„როგორც ვთქვი, მათი დარჩენა, არდარჩენის საკითხი ჩვენს ხელშია. კარგ ფინანსურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ამიტომ მათი გაყიდვის ვალდებულება არ გვაქვს. თუ ისინი გაყიდვას მაინც მოინდომებენ, მაშინ ეს ჩვენი პირობებით მოხდება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მთლიანად „სენტ-ეტიენის“ წარმატებაზე იქნებიან ორიენტირებულნი და თუ რამე უნდა მოხდეს, დაე მოხდეს“.
საფრანგეთის ლიგა 2-ის ახალი სეზონი 8 აგვისტოდან დაიწყება, „სენტ-ეტიენი“ კი პირველ მატჩს სტუმრად „ლავალის“ წინააღმდეგ გამართავს. ჯერჯერობით, უცნობია, დარჩება თუ არა ზურიკო დავითაშვილი თავის ამჟამინდელ კლუბში. ქართველი ფეხბურთელის მომავალს აქტიურად უკავშირებენ ლიგა 1-ის და თურქეთის სუპერლიგის რამდენიმე კლუბს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით, არ გადადგმულა.