რატომ მიდიოდა სანტანდერში ავტომობილით | ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
„ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა და მისი ძმა, ანდრე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. პორტუგალიურმა გამოცემამ Record-მა ტრაგედიის დეტალების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, თუ რატომ მგზავრობდა ჟოტა ავტომობილით.
ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, ზამორას პროვინციაში მოხდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და გუშინ, ლეკასა და პალმეირაში, მეუღლესა და შვილებთან ერთად ისადილა. პარასკევს კი ჟოტა ჟოზე სასა და რაკელ ჯეიკობის ქორწილს დაესწრო.
„წითლების“ ფორვარდი ინგლისში ბრუნდებოდა. ის სანტანდერში ავტომობილით უნდა ჩასულიყო და იქიდან გემით სამხრეთ ინგლისში გადასულიყო, საიდანაც ლივერპულისკენ გააგრძელებდა გზას. ჟოტას ურჩიეს, რომ მანქანით ემგზავრა და თვითმფრინავი არ გამოეყენებინა, რათა კაბინის წნევისთვის თავი აერიდებინა. საქმე ის არის, რომ ფეხბურთელს ახლახან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და ოპერაცია ჩაუტარდა. კაბინის წნევისგან თავის არიდება სწორედ ამიტომ ურჩიეს.
ცნობისთვის, ჟოტას ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ანდრე ჟოტაც დაიღუპა — ის ასევე ფეხბურთელი იყო და პორტუგალიური „პენაფიელის“ ღირსებას იცავდა.