სამოცი 3-ქულიანი და NBA-ს ყველა დროის რეკორდი - მამუკელაშვილის სუპერშედეგი შეზღუდულ დროში
კალათბურთელი, რომელიც შეზღუდული სათამაშო დროის პირობებში, NBA-ს ყველა დროის რეკორდს დაამყარებს, როგორც მინიმუმ პარკეტზე რეგულარულად ყოფნის ღირსია. ღირსია და იმედია მიიღებს კიდეც ამას - ყოველ შემთხვევაში სანდრო მამუკელაშვილმა კარიერაში მორიგი გარდამტეხი ნაბიჯი სწორედ საამისოდ გადადგა და „სან ანტონიო“ „ტორონტოზე“ იმის იმედით გაცვალა, რომ უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებენ და მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ისტორიაში კიდევ რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩით შევა. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მას შემდეგ, როდესაც სანდრომ „სპურსისგან“ შესაბამისი წინადადება ვერ მიიღო, 1 ივლისიდან ავტომატურად გახდა შეუზღუდავი უფლების თავისუფალი აგენტი და „რეპტორსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაშიც ხელფასის სახით 5.5 მილიონ დოლარს მიიღებს.
როდესაც საქმე NBA-ს ეხება, მოლოდინების დამყარება და ვარაუდების გამოთქმა რომ უმადური საქმეა, ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ, ამიტომაც ზედმეტ მარჩიელობას იმის თაობაზე მიიღებს თუ არა „ტორონტოში“ იმაზე მეტ სათამაშო დროს, ვიდრე ტეხასურ კლუბში ჰქონდა, სჯობს სეზონის დაწყებასა და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. იქამდე კი უპრიანი იქნება თუ თვალს მამუკელაშვილის მიერ შარშან ჩატარებულ სეზონს გადავავლებთ, რომელიც საინტერესო სტატისტიკური ფაქტებით დახუნძლული გამოდგა.
როგორც მოგეხსენებათ, „სან ანტონიო“ ბოლო წლების მსგავსად, გასულ სეზონშიც მხოლოდ რეგულარულ გათამაშებაში ასპარეზობით შემოიფარგლა და ვერც პლეი ოფისა და ვერც პლეი ინის საგზური ვერ მოიპოვა. შესაბამისად, „სპურსმა„ 82 მატჩი გამართა, საიდანაც სანდრო მამუკელაშვილმა 60-ში მიიღო მონაწილეობა და პარკეტზე გატარებულ 652 წუთში გუნდს 385 ქულით, 187 მოხსნით, 48 შედეგიანი პასით, 22 ჩაჭრითა და 17 დაფარებით დაეხმარა. სანდრომ მინიმუმ 10 ქულა 60-დან 15 შეხვედრაში დააგროვა, ხოლო ორმაგი დუბლი ორჯერ, 31 მარტს „სან ანტონიო“ – „გოლდენ სტეიტის“ (106:148) და 3 აპრილს „დენვერი“ – „სან ანტონიოს“ (106:113) თამაშებში მიითვალა.
2025 წლის 20 მარტი არამხოლოდ სანდროს ემახსოვრება ცხოვრების ბოლომდე, არამედ ეს თარიღი NBA-ს მდიდარ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. 34 ქულის დასაგროვებლად პარკეტზე 19 წუთის გატარება აქამდე საკმარისი მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მოთამაშე არც ერთი კალათბურთელისთვის არ იყო, „მამუს“ კი ქულათა ასეთი მარაგის თავმყორისთვის სწორედ ამდენი დრო დასჭირდა, რითაც რეკორდსმენი გახდა და ჯეილენ ბრაუნის მიღწევა გააუმჯობესა. ქართველ კალათბურთელებს შორის ერთ კონკრეტულ თამაშში ქულათა რაოდენობით ლიდერი თავად იყო და შარშან დაგროვებული 28-ქულიანი რეკორდი, წელს 34-ქულიანი მიღწევით გააუმჯობესა. „ნიქსთან“ მატჩში მამუკელაშვილმა შვიდიდან შვიდი 3-ქულიანი და შვიდიდან ექვსი 2-ქულიანი ჩააგდო.
ბუნებრივია, ყველაზე მეტი ქულა სანდრომ გასულ სეზონში სწორედ ამ ისტორიულ მატჩში, „ნიქსთან“ დააგროვა, ხოლო მოხსნების სარეკორდო რაოდენობას (თერთმეტი) 31 მარტს „სან ანტონიო“ – „გოლდენ სტეიტის“ (106:148) თამაშში მოუყარა თავი. ასისტების, ჩაჭრებისა და დაფარებების მხრივ, „მამუსთვის“ გამორჩეული შესაბამისად, ისევ და ისევ 31 მარტის „სან ანტონიო“ – „გოლდენ სტეიტის“ (4 ასისტი), 27 თებერვლის „ჰიუსტონი“ – „სან ანტონიოს“ (3 ჩაჭრა) და 7 ნოემბრის „ჰიუსტონი“ – „სან ანტონიოს“ (2 დაფარება) მატჩები გახლდათ.
385 ქულიდან მამუკელაშვილი 180 -პერიმეტრიდან (სამოცი 3-ქულიანი), 161 -საშუალო დისტანციიდან (ოთხმოცდაერთი 2-ქულიანი), ხოლო 44 -საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა. მოხსნების რაოდენობით „სან ანტონიოს“ რიგებში 26 წლის ქართველი ლეგიონერი საუკეთესო ექვს შემთხვევაში 7 ნოემბერს „ჰიუსტონთან“ (7 მოხსნა), 24 ნოემბერს „გოლდენ სტეიტთან“ (8), 22 თებერვალს „დეტროიტთან“ (7), 16 მარტს „ნიუ ორლეანთან“ (7), 31 მარტს „გოლდენ სტეიტთან“ (11) და 12 აპრილს „ფინიქსთან“ (9) გახდა. საერთო ჯამში 187 მოხსნიდან სანდრომ 62 - თავდასხმაში, 125 კი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა.