„ილია მეზიზღება, მას უბრალოდ დავასახიჩრებ“ - პიმბლეტი თოფურიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ილია თოფურიას პოტენციურმა მეტოქემ, პედი პიმბლეტმა UFC 317-ის დასრულების შემდეგ „მატადორის“ შესახებ ისაუბრა და მასთან ბრძოლის შანსები განიხილა.
„ბედიმ“ განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლის მისაღებად და ილიას დასამარცხებლად მზად არის და ახლა პრომოუტერების შეთავაზებას ელოდება.
რას ამბობს პედი პიმბლეტი:
„ამისთვის ყოველთვის ვემზადებოდი და ყოველთვის მზად ვიყავი. რაც შეეხება მე და ილიას, ჩვენ გარკვეული ისტორია გვაქვს, ამ ბრძოლის გაყიდვაც არ დაგჭირდებათ, თავისით გაიყიდება. ერთმანეთის წინ ორი ადამიანი იდგება, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ. ასეთი რამ ხაბიბის და კონორის ჩხუბის შემდეგ არ გვინახავს - ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ. ის ნამდვილად მძულს“.
„მისი სწრაფად დაფინიშებაც არ მომინდება. მას ჩხუბის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე დავაფინიშებ მას შემდეგ, რაც მანამდე 700-ჯერ დავარტყავ მუშტებს, ფეხებს და იდაყვებს. მას დავასახიჩრებ“.
„რაც შეეხება ილიას და ოლივეირას ბრძოლას, თავიდანვე ვამბობდი, რომ თოფურია მოიგებდა. ჩარლზი ნერვიულობდა, ილია კი საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, პირველ რაუნდში ამან განსხვავება შექმნა. მგონია, რომ თუ ჩარლზი პირველ რაუნდს გაუძლებდა, შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ... ყველამ ის ვნახეთ, რაც მოხდა“.
„საჩემპიონო ბრძოლა ცარუკიანსაც სურს? მას შეუძლია ისევ სარეზერვო მებრძოლად დადგეს“.
„ამ სიტუაციაში ყოფნით უფრო მოტივირებული ვარ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ჩემს წაგებას ელოდება. ყველა, 10-დან 9 ადამიანი მაინც ფიქრობ, რომ წავაგებ, ილია ნოკაუტში გამიშვებს, მაგრამ... მიყვარს, როცა ხალხი ცდება. ეს უბრალოდ შინაგან სითბოს და ბუნდოვან შეგრძნებებს მიტოვებს, ამ ხალხს კი საკუთარი სიტყვების ჭამას აიძულებს. როგორც ჩანს, შესაძლოა, ჩემპიონი იმაზე მალე გავხდე, ვიდრე მოველოდი“.
ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვების შემდეგ ოქტაგონში პედი პიმბლეტი გამოიწვია და მებრძოლებს შორის პირისპირ დგომიც შედგა. თუმცა, ღონისძიების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დენა უაითმა განაცხადა, რომ ქართველი და ინგლისელი მებრძოლების დაპირისპირება მის გეგმებში ჯერჯერობით, არ შედის და პედის ოქტაგონში შესვლის გამო გაბრაზებაც ვერ დამალა.