“ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა“ - თოფურია ოლივეირას დამარცხების შემდეგ
UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ილია თოფურიამ კომენტარი გააკეთა.
თოფურია:
„პირველ რიგში ღმერთს მინდა მადლობა გადავუხადო. ყველაფერი, რაც მაქვს, ყველაფერი, რაც ვარ და ის ყველაფერი, რაც ვიქნები ღმერთის დამსახურებაა. მე MMA-ის ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ. ეს ამ სპორტის ახალი დონეა. დღეს ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა. აქ ახლა ბევრი მშიშარა იმყოფება, მაგალითად ქერა ბო*ი. არ ვიცი ვინ არის ჩემთვის მზად, მაგრამ მე აქ ვარ! არ ვიცი პიმბლეტი დათანხმდება, თუ არა, მაგრამ თუ ის მზად არის მოვიდეს!“
ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, ის დაუმარცხებელია.
თოფურიამ 17-დან 7 გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასევე, ნოკაუტი ზედიზედ მესამე ჩხუბში შეასრულა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გათიშა.