თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„არ დაგიმალავთ, ამან შეგვაშინა, მაგრამ...“ - შენგელიამ თავის მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტის დაწყებამდე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ქართული მედიისთვის კომენტარი გააკეთა და თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.

რა თქვა შენგელიამ:

„მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ცოტა შეგვაშინა კიდეც. ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად დამემართა. ამჯერად ყველაფერი რიგზეა და გულზე საფიქრალი იმდენად აღარ მაქვს. ყველაფერი ჩემს სხეულზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოვახერხებ ორ დღეში ფორმაში შესვლას. გუშინ, ორკვირიანი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში მქონდა, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა, დღეს კი მეორედ ვივარჯიშე. ერთი დღე მაქვს დარჩენილი და რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ გუნდთან ერთად ვიყო პირველივე თამაშიდან. ეს უფრო ზუსტად ხვალ გვეცოდინება. ამავდროულად, არ მინდა ხელის შემშლელი ფაქტორი ვიყო, რადგან ფორმაში არ ვიმყოფები. მინდა, რომ თუ ჩემს თამაშს გადავწყვეტთ, ნაკრებისთვის სარგებელი მოვიტანო და არა პირიქით. ჩემისმხრივ, ყველაფერს ვაკეთებ, იმაზე მეტსაც კი, რისი გაკეთებაც შეიძლება და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, რათა გუნდს პირველ თამაშში თუ არა, მეორე შეხვედრაში მაინც დავეხმარო.“

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს გუშინ, კვიპროსში შეუერთდა, დღის ბოლოს კი მსუბუქადაც ივარჯიშა. დღეს, კაპიტანმა გუნდთან ერთად მეორე ვარჯიშიც ჩაატარა. რამდენიმე კვირის წინ, შენგელიას გულის არითმია დაუდგინდა, რის გამოც სამკურნალოდ ესპანეთში გაემგზავრა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები