ლიონი მიქაუტაძის გასაყიდად მზადაა | რა იწერება ფრანგულ პრესაში
გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს. „ლიონთან“ დაახლოებული გამოცემის, MadeInGones-ის ინფორმაციით, არის შანსი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს.
ფრანგული პრესის მიხედვით, დიდია ალბათობა, მალიკ ფოფანამ გუნდი დატოვოს და როგორც MadeInGones წერს, „ლიონი“ მიქაუტაძის გაყიდვასაც განიხილავს. ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, დანიელ რიოლოც ადასტურებს და დასძენს, რომ „ლიონი“ ოფიციალური წინადადებების მოლოდინშია.
მიქაუტაძეს მსურველები არ აკლია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველი ფეხბურთელის გაფორმება „რენმა“ და „პარიზმა“ სცადეს, თუმცა გიორგიმ მათ უარი შეუთვალა. თუ საფრანგეთში დარჩენაზე მიდგა საქმე, 24 წლის თავდამსხმელს ურჩევნია, „ლიონში“ გააგრძელოს ასპარეზობა. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, საშა ტავოლიერის მიხედვით, კლუბი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს, „აინტრახტია“. უბრალოდ, გერმანელები ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამენ თუ ელი ვაი გუნდს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი ფეხბურთელი Transfermarkt-ზე 22 მილიონ ევროდ არის შეფასებული.