„ნაკრებს როცა და სადაც დავჭირდები, ყოველთვის იქ ვიქნები“ - თორნიკე შენგელიას ინტერვიუ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტის დაწყებამდე Basketball Sphere-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მის მდგომარეობასა და მოახლოებულ ტურნირზე ისაუბრა.
თორნიკე შენგელიას ინტერვიუ:
ყველგან და ყოველთვის საქართველოს ნაკრებში:
„ჩემი პროფესიული კარიერის დასაწისშივე ვიცოდი ერთი რამ - როცა ჩემი ქვეყანა დამიძახებს, ყოველთვის იქ ვიქნები. სწორედ ამიტომ, როდესაც რომელიმე კლუბთან კონტრაქტს ვაფორმებდი, ყოველთვის ვუსვამდი ხაზს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. ბავშვობაში, როდესაც ტრიბუნებიდან ვუყურებდი საქართველოს თამაშებს, ყოველთვის წარმოვიდგენდი, როგორ ვიყავი მოედანზე ამ მაისურით.“
„იმ პერიოდში, ინტერნეტი კარგად არ იყო განვითარებული და ყველაფერზე წვდომა არ გვქონდა ისე, როგორც დღეს გვაქვს. მე ფაქტობრივად ეროვნულ ნაკრებში გავიზარდე. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული და როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მეძლევა, ჩემში ის ბავშვი იღვიძებს. ნაკრებში თამაშის ყველა შესაძლებლობას ვიყენებ. ჩემი რწმენა, სიყვარული და ღირებულებებლი ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო საქართველოსთან“.
იგორ კოკოშკოვის შანსი:
„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც შანსი პირველად იგორ კოკოშკოვმა მომცა. მაშინ, სულ რაღაც 16 წლის ვიყავი. მან მომცა შანსი რომ მეთამაშა NBA-სა და ევროპის საუკეთესო კლუბებში მოთამაშე კალათბურთელებს შორის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
„ახლა მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩია და ის წარმოუდგენელი სპეციალისტია. იცის, როგორ უნდა გააღვიძოს ყველა პოზიციისთვის კონკურენცია, ფენომენალური მწვრთნელია. გასაკვირია, რომ ის ევროლიგის გუნდს არ წვრთნის.“
4 დღეში ჩატარებული 3 თამაში:
„ეს ნამდვილად გიჟური გამოცდილება იყო, ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ჩემს კარიერაში. თვითმფრინავიდან თვითმფრინავში გადავდიოდი, გასახდელებსა და თანაგუნდელებს ვიცვლიდი, მაგრამ საბოლოოდ თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გასულიყო. ჩემი ორი უდიდესი ოცნებიდან ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე თამაში იყო და მიხარია, რომ ეს ოცნება ავისრულე. მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.“
„ერთ რამეს ვაღიარებ: ამ 72 საათის განმავლობაში იმდენად კონცენტრირებული ვიყავი, რომ არც კი მიფიქრია იმაზე, თუ რას ვაკეთებდი. როგორც კი დაიწყებ ფიქრს, თუ რამდენად სიგიჟეა ეს ყველაფერი, სწორედ მაშინ გართულდება ყველაფერი. იმ მომენტში ვერც კი ვაცნობიერებდი, თუ რას ვაკეთებდი და ვცდილობდი, ამაზე საერთოდ არ მეფიქრა. ამ ამბავს კიდევ უფრო ამაღელვებელს ის ხდის, რომ ბოლო ორ თამაშამდე საერთოდ არ მეძინა - არც „ბასკონიასთან“ თამაშის წინა ღამეს და არც ისლანდიასთან თამაშის წინ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ ეს სიამაყის, აღელვებისა და ადრენალინის ნაზავი იყო.“
„საქართველოსთან ერთად, ისლანდიის წინააღმდეგ თამაში ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ვფიქრობ, ასეთი დაღლილი არასდროს ვყოფილვარ. ამ თამაშმა გადაწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის ბედი და საბოლოოდ, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ... მადლობელი ვარ ღმერთის. მე ამას ასე ვხედავ: ღმერთმა მომცა ეს შესაძლებლობ - სამი თამაში ოთხ დღეში, ეს ნამდვილად შესაძლებლობა იყო, რომელიც უნდა გამომეყენებინა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციას დავურეკე და ისინი დამეხმარნენ ჩარტერული რეისების დაგეგმვაში. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მათ მთელი გულით მადლობა გადავუხადო“.
„საბოლოოდ, ამან გაამართა, ნამდვილად ამაყი ვიყავი, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. როდესაც რაღაც ძალიან გინდა, შეუძლებელი არაფერია. ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ვერავინ გადამარწმუნებდა. გარკვეულწილად, გაურკვევლობაშიც ვიყავი - სამი ქულით წავაგეთ და სხვაობა ერთით მეტი რომ ყოფილიყო, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ვერ მოვახერხებდით. სხვაობა მცირე იყო, მაგრამ ჩემი რწმენა ისეთი ძლიერი იყო, რომ საპირისპიროში ვერავინ დამარწმუნებდა.“
მიზნები ევრობასკეტზე:
„უკეთესი იქნება კვიპროსიდან რიგაში გაფრენა, ვიდრე ევრობასკეტის ესპანეთიდან ყურება. ყველაფერი პერსპექტივაზეა დამოკიდებულები. თუ ამ ჯგუფს რიგაში საგზურის მიღებისთვის ბრძოლად შევხედავთ, მაშინ მერვედფინალში გასვლა ჯილდო იქნება. თავდაპირველ მიზანი ყველას ერთი ექნება, წარმატება იქნება, თუ ჩვენს რიგაში გასამგზავრებელ თვითმფრინავში აღმოვჩნდებით. აუტსაიდერის მენტალიტეტი ჩვენთვის სიახლე არ არის. როდესაც ევრობასკეტზე ვთამაშობთ, ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ ამ მენტალიტეტს ჩვენს ამბიციებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია“.
„ყველას წინააღმდეგ ვიბრძოლებთ. არ უარვყოფ, რომ საკმაოდ რთული ჯგუფია, მაგრამ სწორედ ეს არის ევრობასკეტის ხიბლიც. ყველას შეუძლია ჩვენი დამარცხება და პირიქით, ჩვენც შეგვიძლია ნებისმიერ გუნდთან თამაში და მათი დამარცხება. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენთან თამაშს ყველა გუნდი გარანტირებულ გამარჯვებად მიიჩნევს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმ ყველაფრით, რაც გაგვაჩნია და ყველაფერს გავაკეთებთ რიგაში წასასვლელი ბილეთების მოსაპოვებლად“.
რას ვეტყოდი ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას:
„არ ვიცი... ვერ ვეტყოდი, რომ უფრო მეტი ემუშავა, რადგან ყოველთვის ბევრს ვშრომობდი. ალბათ, უფრო მეტ მოთმინებას ვურჩევდი, რადგან ეს ისეთი საკითხია, რასაც როგორც ეროვნულ ნაკრებში, ისე NBA-ში ყოველთვის ვაწყდებოდი. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მომთმენი ვყოფილიყავი და ეს ისეთი რამაა, რისი მოსმენაც იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად გინდა. მაგრამ უნდა მოითმინო და შენს მომენტს დაელოდო.“
„ასეთივე სისტემაა საშუალო სკოლაშიც, ან კოლეჯშიც, სადაც შანსს თანდათან იღებ. NBA-ში ისეთი კულტურიდან მოვედი, სადაც თუ შენზე უკეთესი ვარ, ასაკისა და სახელის მიუხედავად, ვითამაშებ. იქ კი ასე არ იყო, განსხვავებული სისტემაა. ამიტომ ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას ვეტყოდი, რომ უფრო მეტად მომთმენი ყოფილიყო.“
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს გუშინ, კვიპროსში შეუერთდა, დღის ბოლოს კი მსუბუქადაც ივარჯიშა. კაპიტანს რამდენიმე კვირის წინ გულის არითმია დაუდგინდა, რის გამოც ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრება დატოვა და სამკურნალოდ ესპანეთში გაემგზავრა. როგორც კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური აცხადებს, შენგელიას მდგომარეობა ახლა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ ტურში ესპანეთს შეხვდება, 29 აგვისტოს კი იტალიას დაუპირისპირდება.