პეტი: კრიტიკა ადვილი საქმეა - ახლა მბაპეს შეცდომების უფლება აღარ აქვს
ემანუელ პეტიმ კილიან მბაპეს ტრანსფერის გავლენაზე ისაუბრა, რომელიც „რეალსა“ და პსჟ-ზე სხვადასხვაგვარად გავრცელდა.
– „პსჟ-მ ლიგა მბაპეს გარეშე მოიგო. მბაპე კი „რეალში“ გადავიდა – გუნდში, რომელიც წინა წელს გახდა ჩემპიონი – და ამჯერად ისინი დამარცხდნენ. ეს დამთხვევაა?
„გასულ ზაფხულს პარიზში ბევრი – როგორც ხელმძღვანელობაში, ისე გულშემატკივრებში – ამბობდა: კილიანის წასვლით გუნდს ნამდვილი ერთიანობის სული დაუბრუნდა. ფეხბურთელები ერთმანეთში თამაშობდნენ, მოედანზე ეგოიზმი აღარ ჩანდა. და როგორც მოვლენებმა აჩვენა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმა სრულიად გამართლდა. მით უმეტეს, თავად ფორვარდს დიდი ხანია რეალში თამაში სურდა.
თუმცა სურათის გამარტივება არ შეიძლება. დიახ, ბლანკოსს რთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ მბაპე ინდივიდუალურად უმაღლეს დონეზე გამოვიდა: ბევრი გაიტანა, შეტევაში ლიდერად დარჩა. სხვა საქმეა, რომ რეალს ტრავმებმა ფეხქვეშ მიწა გამოაცალა. კროოსის დაკარგვა, მოდრიჩის ფორმის ვარდნა, დაცვის პრობლემები – ყველაფერი ერთდროულად დაატყდა გუნდს თავს. ამას ემატებოდა ამბიციების კონფლიქტიც როდრიგოს, ვინისიუსის, ბელინგემისა და თავად მბაპეს შორის. შედეგად, რეალისთვის სეზონი გარდამავალი აღმოჩნდა.
საბოლოო ჯამში, მთელი ნეგატივი კილიანის მისამართით წავიდა. კრიტიკოსებისთვის მარტივია თქმა: „აი, პსჟ-ში აღარ იყო და პარიზელებმა ლიგა მოიგეს. რეალში კი მის გამო ყველაფერი ჩამოიშალა“. სიმართლე, როგორც ხშირ შემთხვევაშია ხოლმე, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ. მაგრამ ფაქტია: დღეს მბაპეზე გაცილებით დიდი ზეწოლაა, ვიდრე ერთი წლის წინ.
უნდა გვახსოვდეს, რომ პსჟ-დან წასვლის მომენტში კილიანი რთულ პერიოდს გადიოდა: ფინანსური დავები კლუბთან, სასამართლო პროცესები, ბრალდებები მოედნის მიღმა – ეს ყველაფერი აწვებოდა. ახლა სხვა ვითარებაა: ის რეალშია და მას უფლება აღარ აქვს ნახევრად ნაბიჯები გადადგას და შეცდომები დაუშვას.
ეს სეზონი მბაპესთვის გადამწყვეტი უნდა გამოდგეს. რეალში ის ორი მიზნისთვის გადავიდა – ლიგის მოგებისა და ოქროს ბურთისთვის. მაგრამ მთავარი ტიტული პარიზელებმა მის გარეშე მოიპოვეს. მთელი ეს ფონია სეზონის წინ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წინა სეზონი გახლავთ. მოლოდინი უზარმაზარია, ზეწოლა კი კოლოსალური – როგორც მადრიდში, ისე საფრანგეთის ნაკრებში,“
– განაცხადა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.