არდა გიულერი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“მშობლებმა მაღაზია გაყიდეს და მთელი რესურსი ჩემში ჩადეს“ - მე არდა გიულერი ვარ

დროა ჩემი ისტორია მოგიყვეთ.. მთლიანი ისტორია..

თურქეთს კარგი თაობა ჰყავს. ბევრი ფიქრობს ჩვენს, როგორც საფეხბურთო ერის მომავალზე. იმედი მაქვს, ჩემი მოგზაურობა დამწყებ თაობას შთააგონებს და დაარწმუნებს, რომ თურქეთში ბიჭებისა და გოგონებისთვის ყველაფერი შესაძლებელია.

მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, მე ერთ-ერთი თქვენგანი ვიყავი..

სასაცილოა.. 12 წლის ასაკში PlayStation-ის ყიდვა მინდოდა. წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორ მინდოდა.. მამას ყოველდღე ვეხვეწებოდი, ერთადერთი, რაც მინდოდა მხოლოდ FIFA 17 იყო..

პატარაობისას ვიდეო თამაშების მოყვარული დიდად არ ვიყავი, რადგან ყოველთვის გარეთ ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი.. თუმცა ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა PS4 იყიდა FIFA 17-ით და ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო..

ალექს ჰანტერთან ერთად კარიერის რეჟიმი ვნახეთ და აი იმ მომენტიდან ტვინი აგვიფეთქდა..

გახსოვთ ალექს ჰანტერი? ზოგიერთ თქვენგანს წესით უნდა ახსოვდეს. FIFA 17-ში იყო რეჟიმი სახელწოდებით „მოგზაურობა“ და თქვენ შემთხვევითი ბავშვის, ალექსის პერსონაჟით თამაშობდი. თავიდან არაფერი აქვს და ცდილობ დიდ კლუბებთან კონტრაქტი გააფორმო. თუ გამოგივიდოდა თავისუფლად შეგეძლო ისეთი ვარსკვლავის გვერდით გეთამაშა, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა..

ეს ჩვენთვის თამაშზე მეტი იყო. ნამდვილად ოცნებას ჰგავდა ტელევიზორის ეკრანზე.. ძალიან დამოკიდებულები გავხდით. ყოველ ჯერზე, როცა მეგობრების სახლიდან ვბრუნდებოდი, მამაჩემს PS4-ს ვთხოვდი..

„ძალიან კარგი ვიქნები! ძალიან ბევრს ვისწავლი“!

მაგრამ იცით, თურქი მშობლები ცოტა სხვანაირები არიან. მამაჩემი დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ მეუბნებოდა: „ცოტა მოიცადე, რამდენიმე რამ უნდა გამოვასწოროთ..“

ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც სკოლიდან დავბრუნდი, სამზარეულოს მაგიდაზე შეკვრა დამხვდა. ეს PlayStation-ის ფორმის ყუთი იყო.

გავგიჟდი..

ეს სიმართლე იყო?

დამიდასტურა, რომ სიმართლე იყო..

როდესაც ჩავრთე, უკვე ბევრი თამაში იყო ჩაწერილი. დისკის საჭიროება აღარ იყო. ეს ყველაფერი ზედმეტად კარგი მეჩვენა, რომ სიმართლე ყოფილიყო. გავიფიქრე, მოიცა მამაჩემისთვის მხოლოდ ერთი თამაში უნდა მეთხოვა და ახლა ოცს მაძლევს?

ვკითხე: „მამა, ლატარია მოიგე?“

მიპასუხა: „სინამდვილეში.. მე შეთანხმება მაქვს“

„მაღაზიაში შეთანხმებას გულისხმობ?“

არაფერი მიპასუხა..

შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემს FIFA-ს კარიერის რეჟიმი არ ჰქონდა. ალექს ჰანტერი ვერ ვიპოვე. ზოგიერთი სახელი უცნაური იყო. როდესაც რეალის არჩევა გადავწყვიტე მას “MD White” ეწერა..

მამასთან დავბრუნდი და ვუთხარი: „დარწმუნებული ხარ, რომ FIFA სწორად გაქვს შერჩეული? რაღაც უცნაურია..“

მან თქვა: „კი დარწმუნებული ვარ. ცადე ჩართვა და გამორთვა?“

„მამააააა“..

„იქნებ ინტერნეტის პრობლემაა..“

კვირების განმავლობაში ასე ვთამაშობდი. FIFA-ს გარდა სხვა ფეხბურთის თამაში არასდროს მიცდია, ამიტომ გულწრფელად მეგონა, რომ ჩემი სხვა ვერსია იყო. მაგრამ ერთ დღეს ჩემთან სათამაშოდ ჩემი მეგობრები მოვიდნენ და მკითხეს: „არდა, ეს რა არის?“

„რას გულისხმობთ? ეს ხომ FIFA-ა?“

მიპასუხეს: „სად არის ფენერბახჩე? რა უცნაური სახელებია? მამაშენი მოტყუვდა..“

ბევრი იცინეს და მეც ვცდილობდი მათთან ერთად გამეცინა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან შემრცხვა..

მიუხედავად ამისა, არ მადარდებდა, რომ ყალბი FIFA მქონდა. მაინც მომწონდა.. არ მჭირდება ნამდვილი მოედანი, ნამდვილი კარები ან ახალი PlayStation.

სწორედ ეს არის თურქული მენტალიტეტი!!..

გესმით რის თქმას ვცდილობ? მე მდიდარ ოჯახში არ გავზრდილვარ. ფეხბურთელის შვილი არ ვარ. ანკარაში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გავიზარდე, დედასთან ერთად, რომელიც სახლში მამასთან ერთად ცხოვრობდა. ის კი კუთხის მაღაზიას მართავდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაკოტრდა..

რატომ გაკოტრდა?..

ეს თურქეთში 100-დან 99 კითხვის პასუხია..

ფეხბურთი..

მოდი, მამაჩემზე მოგიყვებით. რამდენად უყვარდა ფეხბურთი? გეტყვით..

ის არა მხოლოდ ფენერბახჩეს გულშემატკივრობს, არამედ მისით ცხოვრობს. მახსოვს, ერთხელ, როცა დერბიში გოლი გავიტანეთ, დივნიდან იმდენად მაღლა ახტა, რომ ჭერში ნათურა ჩაამტვრია. როდესაც 2010 წელს, ბოლო ტურში ლიგის ტიტულის მოგება ვერ მოვახერხეთ, ფეხი კედელს დაარტყა და დაიზიანა..

მამაჩემის წყალობით, დაბადებიდანვე ფენერბახჩეს გულშემატკივარი ვიყავი..

მახსოვს, ჩემი პირველი სურვილი ფენერის თამაშის საკუთარი თვალით ხილვა იყო..

ბილეთების ონლაინ ყიდვა თითქმის შეუძლებელი იყო. თითი მუდამ განახლების ღილაკზე უნდა გქონოდა და როცა საათი 13:00 გახდებოდა უნდა დამეჭირა..

ტაკ ტაკ ტაკ ტაკ ტაკ ტაკ!!!

13:01 - ყველა ბილეთი გაყიდულია..

ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა..

მაგრამ 2014 წელს, როცა ცხრა წლის ვიყავი, ფენერბახჩეს სტადიონს აკრძალვა მისცეს და ტრიბუნების დაკეტვის ნაცვლად, მხოლოდ ქალები და ბავშვები შეუშვეს. ვიცოდით, რომ ეს ჩვენი შანსი იყო, ამიტომ, ბილეთების გაყიდვამდე ერთი ღამით ადრე, მე, ჩემი მშობლები და ჩემი და ჩავჯექით მანქანაში, ხუთი საათი ვიმგზავრეთ სტამბოლამდე და ბილეთების სალაროს წინ რიგში ჩავდექით. დილით 5 საათზე მივედით და ოფისის გახსნამდე მანქანაში დავიძინეთ.

რიგში მესამე ადგილი — სიგიჟეა.

მეორე დილით ვერ ვიჯერებდით, რომ ბილეთები ხელში გვეჭირა..

პირველად შიუკრუ სარაჩოღლუზე შესვლა თითქოს რაღაც საიდუმლო ზღაპრულ სამყაროში მოხვედრას ჰგავდა. შიგნიდან კიბეებზე ადიხარ და ყოველ საფეხურზე უფრო და უფრო კარგად ჩანს ტრიბუნები და მოედანი, სანამ… აი, იქ ხარ. ჯერ მოედანს ხედავ და შემდეგ გესმის ხმა... ეს დაუჯერებელია. ტრიბუნებზე კაცები არ იყვნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ბავშვებითაც რომ გაგევსო სტადიონი, ატმოსფერო მაინც იქნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო..

ერთ მომენტში მოედანზე აზიზ ილდირიმიც დავინახე. ცხრა წლის ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, ვინ იყო. მასთან მისვლა გადავწყვიტე და დედა არ გავაფრთხილე. უცებ დედა ჩემს სკამს ხედავს და... სად არის არდა?? 20 წუთის განმავლობაში ეგონა, რომ დავეკარგე. ძალიან გაბრაზდა..(ბოდიში დედა)..

როცა ამ ხმას გაიგონებ და იმ ბალახს დაინახავ, თითქოს ზეცაში ხარ. ბავშვებო, იმედი მაქვს, თქვენც განგიცდიათ ეს გრძნობა..

ასეთ დიდ სტადიონზე პირველად ვიყავი. ეს მთლიანად განსხვავდებოდა იმ ყველაფრისგან, სადაც მე მიწევდა თამაში..

როდესაც 9 წლის ვიყავი, ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა მაჰმუთმა მამას უთხრა, რომ გენჩლერბირლიგის აკადემიაში უნდა შევეყვანე. მამამ უარი თქვა, რადგან ის ადგილი სახლიდან საკმაოდ შორს იყო, მაგრამ მაჰმუთს რაღაც ჰქონდა ჩემში დანახული და დაიყოლია.

მამას იქ მანქანით დავყავდი და თავის მაღაზიას თავის ბიზნესპარტნიორს ანდობდა.. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ერთ დღეს მამამ გვერდზე გამიყვანა და მითხრა: „შვილო, მაღაზია უნდა დავხუროთ..“

საქმიდან გამოვედით..

მაღაზია ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. იმ პერიოდში მახსოვს მეგობრები მეპატიჟებოდნენ, რომ ერთად გვეჭამა ვაფლი და არ მივდიოდით, რადგან მათ ვერ ავუხსნიდი, რომ ფული არ მქონდა. მიზეზად გადაღლილობას ვასახელებდი..

საბედნიეროდ, სახლში ყოველთვის გვქონდა საჭმელი. ვიცი, ბევრ ბავშვს არც თავშესაფარი აქვს, სადაც კომფორტულად დაიძინებს..

გულში ვიცოდი, რომ მაინც გამიმართლა..

ცოტა ხანში, ჩემმა მშობლებმა ახალი მაღაზია გახსნეს. ამან მდგომარეობა გაგვიუმჯობესა, მაგრამ როცა რამდენიმე წლის შემდეგ ფენერბახჩემ ჩემზე ინტერესი გამოხატა, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდით. ფული გვჭირდებოდა..

სამი თვე დაგვჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ასეთი არჩევანი მთლიანად ცვლის შენს ცხოვრებას. მე 13 წლის ვიყავი, და მშობლებს არ უნდოდათ, რომ სახლიდან წავსულიყავი. ჩემი ოცნება ფენერბახჩეში თამაში იყო, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ეს ძალიან დიდი გადაწყვეტილება იყო, დიდი რისკით. ვერავინ იტყოდა დარწმუნებით, თუ ოდესმე პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი..

ბოლოს მამამ მითხრა: „თუ დაიხრჩობი, ჯობს დიდ ზღვაში დაიხრჩო.“

ეს სტამბოლს ნიშნავდა..

„თუ ექვს თვეში ყველაფერი კარგად გექნება, ყველაფერს გავყიდით და შენთან ერთად წამოვალთ.“

იმ დღეს, როცა ანკარას ვტოვებდით, მამამ ყველა ჩვენი ახლობელი შეკრიბა — დაახლოებით 30 ადამიანი. ჩემი დაბადების დღე იყო, დიდი ტორტით ვიზეიმეთ, მაგრამ დედა სულ ტიროდა. არასდროს მინახავს დაბადების დღე ამდენი ცრემლით. დავპირდი, რომ ის ჩემით იამაყებდა და მალე ერთად ვიქნებოდით სტამბოლში, მაგრამ ყველაზე მეტად ის საუბარი დამამახსოვრდა, რაც ჩემს დასთან მქონდა, რომელიც ჩემზე რვა წლით უფროსია..

მანქანაში ჩაჯდომამდე, პირდაპირ თვალებში ჩამხედა და მითხრა: „არდა, შენ უნდა შეავსო მაცივარი.“

„შეავსო მაცივარი.“ -  ზუსტად ასე მითხრა.

„არდა, ეს უნდა გააკეთო.“

როცა 13 წლის ხარ, რთულია, იცოდე, რას გრძნობ ამაზე. შენ თამაშობ უბრალოდ გასართობად, და უცებ ოჯახის მომავალი შენზეა დამოკიდებული. მხოლოდ ის მახსოვს, რომ სტამბოლისკენ გზაში დაბადების დღეზე მამას ნაჩუქარი რვეული ამოვიღე. ყდაზე დიდი სათაური ეწერა...

ARDA 10

გადავშალე რვეული და ჩემი ოცნებები ჩავწერე. პირველი: „ფენერბახჩეს“ მთავარ გუნდში თამაში.

შემდეგ მამამ ნახა რვეული და მითხრა, ჩამომეწერა ყველა, ვინც ოდნავ მაინც დამეხმარა — დაახლოებით 20 ადამიანი, მათ შორის ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი მაჰმუთი. მას არასდროს მიეცა შესაძლებლობა, ჩემი პროფესიონალურად თამაში ენახა. მაჰმუთ, დაე, მშვიდად განისვენე..

როცა ფენერბახჩეს აკადემიაში მივედით, საათს დავხედე.

19:07.

წელი, როცა ჩვენი კლუბი დაარსდა. იქნებ ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. მაგრამ რეალური ცხოვრება FIFA-ს „Journey“-ს მსგავსი არ არის. რამდენიმე თვეში ისე მომენატრა სახლი, რომ ანკარაში დაბრუნება მინდოდა. სიმართლე გითხრათ, მინდოდა, საერთოდ დამეთმო ჩემი ოცნებები..

ერთი რამ უნდა გაიგოთ — ანკარა და სტამბოლი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ანკარა შეიძლება დედაქალაქია, მაგრამ სტამბოლშია ფული და შესაძლებლობა..

ერთ დღეს ჩვენს სკოლაში ნება მოგვცეს, რომ უნიფორმების გარეშე გვევლო გაკვეთილზე.. შეგვეძლო ის ჩაგვეცვა, რაც გვინდოდა.. ადგილობრივი ბავშვები მოდურ ტანსაცმელში გამოცხადდნენ..

მე კი ფორმით წავედი.

მითხრეს: „არდა, რას აკეთებ?“

და მე: „ოოოო, არაააა... სულ დამავიწყდა. ჯანდაბა.“

მაგრამ სინამდვილეში არ დამვიწყებია. უბრალოდ სხვა არაფერი მქონდა..

გუნდში კიდევ უფრო იზოლირებულად ვგრძნობდი თავს, რადგან იმ კატეგორიაში ამიყვანეს, რომელიც ერთი წლით უფროსი იყო. იქ უკვე ექვსი–შვიდი ადგილობრივი ბავშვი თამაშობდა, რომლებიც დიდი ხანია კლუბში იყვნენ. მაგრამ მხოლოდ მე ვიღებდი სათამაშო დროს. ისინი ფიქრობდნენ: „რატომ თამაშობს ეს ბიჭი ანკარიდან?“ პოლიტიკა, რაღაც… მთლიანად გამრიყეს.

ჩემი ჩამოსვლიდან სულ ოთხ თვეში, მწვრთნელმა მითხრა: „არდა, შენ ჩვენი კაპიტანი ხარ.“

ადგილობრივები საშინლად გაბრაზდნენ.

შემდეგ მწვრთნელმა დაამატა: „არდა, შენ ჩვენი მე-10 ნომერი ხარ.“

ისინი გაგიჟდნენ.

თქვენ ხომ იცით, თურქეთში მე-10 ნომერი წმინდაა — თუნდაც U14-ში. ეს უბრალოდ „შემოქმედი მოთამაშე“ არ არის. ეს არის ჩვენი მხსნელი. ეს არის ალექსი — ნამდვილი ალექსი..

მე ძალიან დიდი პატივი მქონდა, მაგრამ ასევე მეშინოდა. მითხრეს, რომ გასახურებელი ვარჯიში მე ჩამეტარებინა: „მუხლები მაღლა! სპრინტები!“ არ მომწონდა. ზედმეტად მორცხვი ვიყავი.

მომენატრა ოჯახი.

ერთ დღეს უბრალოდ ვთქვი: „აღარ შემიძლია.“

მამას ვერ ვუბედავდი ამის თქმას. ზედმეტად ამაყი ვიყავი. ძალიან მეტკინებოდა. მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი გადასვლას განიხილავდა, ამიტომ თანაკლასელს ვუთხარი: „მამაჩემს მესიჯი მიწერე. უთხარი, რომ არდა კარგად არ არის.“

მან მკითხა: „მართლა?“

ვუპასუხე: „ჰო, უბრალოდ უთხარი, რომ დახმარება მჭირდება.“

ამან გაჭრა. იმ მესიჯის შემდეგ, ოჯახი სტამბოლში გადმოვიდა ჩემთან საცხოვრებლად. გაყიდეს სახლი. დახურეს მაღაზია. დატოვეს მეგობრები. საკუთარი მომავალი პატარა ბიჭზე დაამყარეს.

თუ ჩავვარდებოდი, ყველაფერს დავკარგავდით..

საბედნიეროდ, მამამ სამუშაო იპოვა და მე მხოლოდ ფეხბურთზე შემეძლო ფიქრი. U17-ების ტურნირზე წავედით ზაგრებში და იქ აკადემიაში მოდრიჩის სურათი ეკიდა. ერთმა მწვრთნელმა ხელი ჩამჭიდა და მითხრა: „ერთ დღეს შენც მასავით იქნები.“

ვაუ… არ ვიცოდი რა მეპასუხა..

და ერთ დღეს, ფენერბახჩემ პირველ გუნდში ამხანაგურ მატჩში გამომიძახა.

15 წლის ვიყავი. პირველ გუნდთან ერთად არც კი ვვარჯიშობდი. მახსოვს, როგორი ძლიერები იყვნენ უფროსები. ლუის გუსტავო... 80 კილოგრამი სუფთა კუნთი. მე? არაფერი. ტყავი და ძვლები..

მგონი 2021 წლის აგვისტო იყო, როცა ბატონმა ვიტორ პერეირამ პირველად დამიძახა ოფიციალურ მატჩზე, სახლში, HJK ჰელსინკის წინააღმდეგ. ბევრი ტრავმირებული გვყავდა და როცა მეორე ტაიმში ერთ-ერთმა მოთამაშემ დატოვა მოედანი, ბატონმა პერეირამ სათადარიგოთა სკამს შეხედა და დაინახა, რომ სამი ფეხბურთელი ჰყავდა დარჩენილი..

ერთი — მეკარე..

მეორეც — მეკარე..

მესამე — 15 წლის ბიჭი, რომელიც უფრო ბურთების მომტანს ჰგავდა..

„არდა, მოემზადე.“

გული ისე სწრაფად მიცემდა. როცა PlayStation-ზე თამაშობ, მხოლოდ ჯოისტიკი კანკალებს. რეალურ ცხოვრებაში კი მთელი სხეული! მაგრამ, როგორც კი მოედანზე შევედი, უფრო მშვიდად ვიგრძენი თავი. მაშინ გამახსენდა ჩემი რვეულის მეორე ოცნება:

ფენერბახჩესთვის ჯარიმიდან გოლის გატანა.

ასე ვიტანდი სულ ბავშვობიდან. აი, ნახეთ:


მალე საჯარიმო დარტყმა მოვიპოვეთ საჯარიმოს წინ, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ხოსე სოსას ეკუთვნოდა.. არგენტინელ ოსტატს.. სოსასთან არავინ კამათობდა, თუკი გიჟი არ იყავი და ალბათ ცოტა ვიყავი კიდეც..

ბურთთან მასთან ერთად ვიდექი..

ვგრძნობდი, თითქოს ცოტა გაოცდა. ის თურქულად არ ლაპარაკობდა, მე კი ესპანურად, ამიტომ ინგლისურად ვკითხე:

 „Can I kick?“ („მომცემ დარტყმას?“)

სოსამ ხმა არ ამოიღო.

„Me? Or you?“ („მე? თუ შენ?“)

სოსა  „..............“

 „ME? YOU?“ („მეეე? შენ?“)

მოულოდნელად, ტრიბუნებიდან:

Whooooooooooooo!

სტადიონის კამერა ჩემს სახეზე გადმოერთო. გულშემატკივრებმა ტუჩებზე ამომიკითხეს, რომ მე მინდოდა დარტყმა, და მგონი, ჩემი გამბედაობა მოეწონათ. მაგრამ სოსა აბრიო?

ის მაინც მთავარი კაცი იყო..

მან დაარტყა..

გააფუჭა..

მაგრამ მე ის მომენტი და გულშემატკივართა რეაქცია ყოველთვის მემახსოვრება..

მატჩის შემდეგ, სტადიონს გარეთ მშობლებს შევხვდი. დედა ტიროდა..

 „არდა, შენ ეს გააკეთე!!“

მამა არაფერს ამბობდა. ისეთი ინტენსიური მზერა ჰქონდა, თითქოს ყურებიდან კვამლი უნდა ამოსვლოდა. ვკითხე:

„მამა, არ ხარ ბედნიერი?“

მან მითხრა:

 „სოსამ… რატომ არ მოგცა დარტყმა??“

„მაგრამ, მამა…“

 „შენ აუცილებლად გაიტანდი. ვიცი!“

იცით, ადამიანები ამბობენ, რომ თურქი გულშემატკივრები „გულანთებულები“ არიან. მაგრამ ეს სიტყვა საკმარისი არ არის. უცებ ერთი პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ..

ერთხელ ჩემი მეგობარი, რომელიც „ფენერბახჩეს“ გულშემატკივარია, „გალათასარაისთან“ დერბიზე წავიდა. ის ყოველდღიურად სვამდა წამლებს, და როცა მსაჯმა პენალტი არ დაგვიდო დაიწყო თვალებით ძებნა, რისი სროლაც შეიძლებოდა.. წყლის ბოთლი, შოკოლადი… რამე. ვერაფერი იპოვა, ბოლოს ჯიბიდან წამლის ბოთლი ამოიღო..

დიდხანს მიაშტერდა. იცოდა, რომ ეს წამლები სჭირდებოდა, რადგან ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მაგრამ მისი სიძულვილი „გალათასარაის“ მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ ბოლოს ვერ გაუძლო..

და ის წამლის ბოთლი მოედანზე ისროლა..

იმ საღამოს კი საათობით დასეირნობდა სტამბოლში, რომ აფთიაქი ეპოვა..

მგონია, ამ ამბავს მხოლოდ თურქი შეიძლება ბოლომდე მიხვდეს..

„ფენერბახჩე“ „გალათასარაის“ გარეშე არ არსებობს — ეს არის მარადიული მეტოქეობა და ამავდროულად, უცვლელი მეგობრობაც. მაგრამ თუ „ფენერბახჩეს“ გულშემატკივარი ხარ, „გალათასარაის“ ყველაფრის წინააღმდეგ ხარ. ასეა ეს..

იმ პერიოდში მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება მჭირდებოდა. ყველა მეგობარი მაფრთხილებდა, ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან ამ თამაშში ქარი ძალიან სწრაფად იცვლება და ერთი შეცდომაც კი ყველაფერს დაასრულებდა. მამა ყველა გაზეთის კომენტარს კითხულობდა, რაიმე უარყოფითი რომ არ გამოჩენილიყო.

დედა კი მეუბნებოდა: „უარყოფითი რამე? როგორ შეიძლება, ვინმეს შენ არ უყვარდე?“

ის ყოველთვის ტიროდა, როცა ჩვენს საშინაო მატჩებზე ხალხი მასთან მოდიოდა და მადლობას უხდიდა. რა თქმა უნდა, უხაროდა, როცა გოლს ვიტანდი, მაგრამ თუ ვინმე მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ კარგ ბიჭად აღმზარდა? მისთვის ეს „ფენერბახჩესთვის“ 100 გოლზე მეტი იყო..

დაიმახსოვრეთ, ბავშვებო: ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი მხოლოდ ორი რამ არსებობს — ღმერთი და ოჯახი..

განსაკუთრებით კი დედა..

ვერასდროს დავივიწყებ 2022 წლის აგვისტოში ჩემს ტელეფონზე განხორციელებულ ზარს..

არდა.. დედაშენი.. გულის პრობლემა აქვს და ოპერაცია ჩაუტარდა..

როცა ამას გაიგონებ, ფეხბურთი სულ გაქრება გონებიდან. სამყაროც იწყებს ტრიალს. მუცელში რაღაც მძიმე ბურთივით ჩაგიჯდება. ექიმებს სარქვლის შეცვლა მოუწიათ. სანამ ოპერაციისთვის ემზადებოდა, საწოლიდან უყურებდა ჩემს თამაშს „ქასიმფაშას“ წინააღმდეგ, სადაც ორი გოლი გავიტანე. დედა მიყურებდა, როგორ ვზეიმობდი, და ტიროდა. ჩემმა დამ ვიდეო გამომიგზავნა, რომელიც გასახდელში შესვლის შემდეგ ჩავრთე.. ძალიან შემეშინდა.. ეს ისეთი ტირილი იყო, თითქოს ყოველი მომენტი უკანასკნელი შეიძლებოდა ყოფილიყო..

მეც ვტიროდი. მართლა მეგონა, რომ დედა გარდაიცვლებოდა..

მეორე დღეს კლუბს ვუთხარი, რომ მომდევნო მატჩში არ ვითამაშებდი. პირველად ცხოვრებაში ბურთის შეხებაც არ მინდოდა..

საბედნიეროდ, ფენერბახჩე საოცარი აღმოჩნდა. მათ დრო მომცეს და პრეზიდენტმა ალი ქოჩმა უზრუნველყო, რომ საუკეთესო ექიმები გვყოლოდა. ოპერაციაც წარმატებით დასრულდა და დედა გამოჯანმრთელდა..

არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ!! ოჯახი ყოველთვის ყველაზე მთავარია.

ოპერაციიდან ორ თვეზე ცოტა ხნის შემდეგ, „დინამო კიევის“ წინააღმდეგ გოლი გავიტანე  და მაისური ავიწიე, რომ მესიჯი დამენახებინა..

ANNECIM SENI ÇOK SEVIYORU

„დედა, მე ძალიან მიყვარხარ.“

მაშინ უკვე ჩემი მესამე ოცნება ახდენილი მქონდა.. 10-ნომრიანი მაისური მეცვა..

არასდროს მეგონა, რომ ეს მოხდებოდა, რადგან ეს მაისური მესუთ იოზილს ეკუთვნოდა. ის არის ფეხბურთელი, ვისგანაც ყველაზე მეტი ვისწავლე, მაგრამ სამი თვის განმავლობაში ვერც კი ვბედავდი მისთვის სიტყვის თქმას. ზედმეტად მორცხვი ვიყავი. დერეფანში რომ შემხვდებოდა, მეუბნებოდა: „ჰეი, კარგი ვარჯიში გქონდეს.“

მე პირდაპირ ვუყურებდი წინ და ვპასუხობდი: „კარგი..“

ის მეკითხებოდა: „არდა, კარგად ხარ?“

ვპასუხობდი: „კი. კარგად.“

ვინც იოზილს არ იცნობს, შეიძლება იფიქროს, რომ ცოტა ცივია, მაგრამ სინამდვილეში ის იყო, ვინც ჩვენს მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი, რადგან ამას მე ვერ ვბედავდი. ერთხელ თავის ოთახში დამპატიჟა ბაზაზე, სადაც ფლეისთეიშენი ედგა, რომელსაც ფაქტობრივად არ იყენებდა. ალბათ დამინახა, როგორ შევყურებდი დიდი თვალებით, და მითხრა:

„არდა, შეგიძლია წაიღო.“

მე ვუპასუხე: „არა, არ შემიძლია.“

მრცხვენოდა..

„არდა, წაიღე.“

ის საოცრად გულთბილი იყო..

როცა იოზილმა 2022-ში ფენერბახჩე დატოვა, მეგონა, რომ მისი მაისური რომელიმე ახალწვეულს შეხვდებოდა. მე 17 წლის ვიყავი და ვერ გავბედავდი 10-ნომრიანი მაისურის მოთხოვნას, მაგრამ ხელმძღვანელებმა მითხრეს:

„არდა, ეს მაისური შენია… მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  საკმარისი თავდაჯერება გაქვს, რომ ატარო..“

არც კი დავფიქრებულვარ..

„მე ავიღებ.“

პირველად რომ ჩავიცვი ის მაისური არ ვიცი, როგორ აღვწერო. ეს მხოლოდ ალექსის კვალში სვლა არ იყო. ეს იყო მთელი გუნდის და მილიონობით გულშემატკივრის შემოქმედებითი პასუხისმგებლობის აღება. ეს იყო პრივილეგია. პატივი. ოცნება.

არდა გიულერი, ფენერბახჩეს მე-10 ნომერი..

ეს თითქმის თასის მოგებას ჰგავდა..

როცა ის მაისური მაცვია, თავს დაუმარცხებლად ვგრძნობ..

ეს დამატებითი პასუხისმგებლობა ყოველ გოლს განსაკუთრებულს ხდიდა. „დინამო კიევის“ წინააღმდეგ თამაშიდან ორი კვირის შემდეგ, ინსტაგრამს ვათვალიერებდი და სათაური დავინახე:

„არდა გიულერი თურქეთის ნაკრებშია.“

წინასწარ არც კი მითხრეს.. პირველი მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ იყო, დიათბაქირში და როცა სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, გულშემატკივრები ჩემს სახელს ყვიროდნენ. მათ სურდათ, რომ მწვრთნელს შევეყვანე. ეს მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ზოგჯერ, როცა ფენერბახჩეში სკამზე ვიჯექი, მეტოქე გუნდის გულშემატკივრებიც კი მღეროდნენ, რომ მწვრთნელს მე ვეთამაშებინე. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. რას ვიტყოდი? უბრალოდ მადლობა..

ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. მარტში კვლავ დამიძახეს თურქეთის ნაკრებში.

შემდეგი თვეები უკვე სატრანსფერო წინადადებების ტალღებს ვიგერიებდი..

არაფრის ცოდნა არ მსურდა, მაგრამ ივნისში მამამ მითხრა, რომ ახალ შეთავაზებაზე უნდა ესაუბრა..

„არდა..“

 „ჰო?“

 „ეს მადრიდის რეალია..“

მადრიდის რეალი.. ჩემი მეოთხე ოცნება!!

არ მჯეროდა, რომ ასე სწრაფად შეიძლებოდა მომხდარიყო. იმ ზაფხულს მამასთან ბევრი გრძელი საუბარი მქონდა.. ვფიქრობდი ეს ნაბიჯი ჩემთვის ჯერ ძალიან ადრე ხომ არ იყო... ყველაფერი რთულად იყო, რადგან უამრავი სხვა შეთავაზებაც გვქონდა, და გადაწყვეტილების  მიღება ძალიან მიჭირდა. მაგრამ შემდეგ, ბატონ კარლო ანჩელოტის ვიდეო ზარით ვესაუბრე..

ვერასდროს დავივიწყებ იმ მომენტს, როცა მისი ნომერი ეკრანზე გამოჩნდა და ვიდეო იტვირთებოდა…

 „გამარჯობა, არდა. როგორ ხარ?“

ისიც არდადეგებზე იყო. მომენტი იმდენად სიურეალური იყო, რომ დეტალები ძლივს მახსოვს, მაგრამ მგონი ჰავაიური პერანგი ეცვა, სათვალე ეკეთა და ალბათ სიგარაც კი ჰქონდა..

მან მითხრა: „არდა, აქ დიდ მომავლი გექნება. შეიძლება პირველ წელს არა, მაგრამ შენი შანსები მოვა. როცა მოდრიჩი და კროოსი უკვე ზედმეტად მოხუცდებიან, ნახევარადცვაში შენ შეგეძლება თამაში.“

უბრალოდ იმის მოსმენა, რომ შენი სახელი მოდრიჩსა და კროოსს გვერდით გაისმა, სიურეალური იყო.. სიტყვაც ვერ დავძარი..

მერე მან მითხრა: „არდა, დამპირდი, რომ მადრიდში მოხვალ. დამპირდი, დამპირდი, დამპირდი.“

ვუპასუხე: „რა თქმა უნდა, მისტერ..“

მან დაამატა: „მალე ისევ ვილაპარაკებთ. ახლა კი ნამდვილად უნდა წავიდე ჩემს ცოლთან.“

როცა ზარი გავუთიშე, მამას შევხედე და ერთად ვთქვით…

„თუ უნდა დაიხრჩო…“

 „დიდ ზღვაში დაიხრჩე.“

როცა მადრიდის რეალში პრეზენტაცია გაქვს, ეს თითქოს ქორწილის ცერემონიაა. კონტრაქტი ექვსი წლითაა, მაგრამ იდეა არის, რომ მთელი ცხოვრება ერთად უნდა იყოთ. მშობლების გვერდით ვიჯექი და როცა დედამ ტირილი დაიწყო, ცრემლები შევუმშრალე და ლოყაზე ვაკოცე..

ჩვენ იმდენ რამეზე ვთქვით უარი ოცნების ასახდენად და აქ მოსასვლელად, რომ ნამდვილად ჩვენი დრო იყო..

ანჩელოტი ჩემთვის თავიდანვე მეორე მამასავით გახდა.. მაგრამ სასაცილო იყო, რადგან ყველაფერზე მეხუმრებოდა, მე კი ისევ ბავშვი ვიყავი, რომელსაც თვალები გაუხსნილი ჰქონდა და ცდილობდა მსოფლიოს უდიდესი კლუბი შეეგრძნო. ვერასდროს ვხვდებოდი, როდის იყო სერიოზული და როდის ხუმრობდა..

ერთ დღეს ანჩელოტიმ მითხრა: „რაული კასტილიას მწვრთნელია. თუ დაინახავ, მიესალმე. ხომ იცი, ვინ არის რაული, არა?“

რა თქმა უნდა, ვიცი ვინ არის რაული. ის იყო კაპიტანი, საუკეთესო ბომბარდირი. ცოცხალი ლეგენდა.

მეორე დღეს ვარჯიშის შემდეგ, ერთი კაცი ჩვენთან მოდის. ანჩელოტი ამბობს: „არდა, ეს რაულია.“

მაგრამ ხომ იცით, როცა ასეთ ლეგენდას ცოცხლად პირველად ხედავ, საერთოდ არ გეჩვენება რეალური. თითქოს ყალბია. მე ძალიან პატარა ვიყავი, რომ რეალში რაულის თამაში მენახა. მხოლოდ YouTube-ზე მყავდა ნანახი..

ანჩელოტი იღიმის, და მე ვიფიქრე: არა, ისევ მეხუმრება.

ვუთხარი: „მისტერ, ბოდიში, მაგრამ ეს რაული არ არის.“

ველოდები, რომ ანჩელოტი გაიცინებს და მეტყვის „ბრავო“, მაგრამ სახეზე სერიოზულად მიყურებს: „რას ნიშნავს, რომ რაული არ არის?“

შემდეგ რაული ჩემსკენ ტრიალდება და ამბობს: „მე ვარ რაულ გონსალესი. სასიამოვნოა.“

მე: „არა, შენ არ ხარ..“

ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთი. ბოლოს ანჩელოტიმ ტონი კროოსს დაუძახა..

„ტონი, ეს რაულია?“

„რა? რა თქმა უნდა.“

მე ისევ არ მჯერა. დიდი ხუმრობაა. არ წამოვეგები.

მერე მოდრიჩსაც ეძახის!

„ლუკა, ეს რაულია?“

 „რა თქმა უნდა, რაულია.“

ახლა უკვე მეშინია..

რაული კი მიყურებს თვალებში: „რა თქმა უნდა, რაული ვარ.“

ტელეფონები ამოიღეს და რაულის ფოტოების ჩვენება დაიწყეს.. ბოლოს დავნებდი და ვთქვი: „კარგი, ბოდიში. მართლა თქვენ ხართ.. სასიამოვნოა, ბატონო.“

ყველა იცინოდა თურქი ბიჭის ხარჯზე. თვითონ ბატონ ანჩელოტისაც ეცინებოდა..

სახლში რომ მივედი და ოჯახს მოვუყევი, შემომხედეს და მითხრეს:

„არდა რა სულელი ხარ.“

ეს ყველაფერი ჩემი რეალში გატარებული პირველი კვირის ამბავია..

როცა გუნდში მივედი, aგავიგე, რომ დავიდ ალაბამ და ტონი რუდიგერმა რამდენიმე თურქული სიტყვა იცოდნენ. ისინი ბერლინსა და ვენაში თურქი ემიგრანტების გარემოცვაში გაიზარდნენ, და ალაბა დიდი „გალათასარაის“ გულშემატკივარია. კურტუას კი არდა თურანთან ერთად უთამაშია, ამიტომ რამდენიმე სიტყვა იცის, მაგრამ მხოლოდ ცუდი სიტყვები..

მაგრამ უცნაური იყო, რადგან, როგორც იცით, ჩვენ თურქეთში უფროსებს ყოველთვის პატივისცემით ვესაუბრებით. ვამბობთ „აბი“-ს, რაც სიტყვასიტყვით „უფროს ძმას“ ნიშნავს. ეს ჩვენს კულტურაშია ჩადებული. მე ვერ დავუძახებდი მოდრიჩს უბრალოდ „ლუკას“. ის და მამაჩემი თითქმის ერთი ასაკის არიან..

ამიტომ ვუთხარი: „გამარჯობა, ლუკა აბი.“

ჰოდა… ალაბამ და რუდიგერმა იფიქრეს, რომ ეს ყველასთან უნდა თქვან. ჩემთანაც კი.

დაიწყეს მისალმება: „დილა მშვიდობისა, აბი.“

ეს სახელი შემრჩა.. ოფიციალურად ვარ არდა აბი — ყველაზე პატარა უფროსი ძმა გასახდელში..

ჩვეულებრივ, იგრძნობ, რომ კლუბში „შენი დრო მოვიდა“.. ეს მაშინ ხდება, როცა კარგ გოლს გაიტან ან გადამწყვეტ პასს გააკეთებ. ჩემთვის ეს მომენტი მაშინ დადგა, როცა საჯარიმოს გარეთ ჯარიმა მოვიპოვეთ, და მე სკამზე ვიჯექი. მოდრიჩმა შემომხედა და მითხრა: „ჰეი, არდა, ეს შენთვის იდეალური იქნებოდა.“

ასეთი პატარა რაღაცები ძალიან ბევრს ნიშნავს.

ერთ სხვა მატჩში, როცა პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით, მოდრიჩმა მითხრა: „მოემზადე, უნდა შემოხვიდე.“

ეს ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ახლა მე მანდობდა თამაშის შეცვლას..

ვიცი, რომ თურქეთში ადამიანებს სურთ, რომ ყველა მატჩში ვიღებდე მონაწილეობას.. მეც ასე მინდა, მაგრამ ვიცი, რომ მოთმინება მჭირდება. როცა ანჩელოტი ამბობს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი შემიძლია გავხდე, ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბს ჩემთვის გეგმა აქვს..

მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა იოლი არ არის. როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, სინამდვილეში თასის აწევა არ მინდოდა, რადგან ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი არ მოქნდა. ამიტომაც ძალიან მორცხვი ვიყავი, როცა ანჩელოტიმ მიკროფონი გადმომცა სიბელესზე. საერთოდ არც ვაპირებდი ავტობუსის სახურავზე ასვლას, ძალიან დაღლილი ვიყავი და მახსოვს, ორი მეგობარი მწერდა: „სად ხარ? ვერ გხედავთ.“

ქვედა სართულზე ვიდექი კროოსთან და მოდრიჩთან და ლუკა მეკითხებოდა, „მოურინიო ფენერბახჩეში მიდის?“

ჩემს მეგობრებს კი უკვირდათ: „გიჟი ხარ?? ჩემპიონთა ლიგა მოიგე! ზემოთ ადი და იზეიმე!“

მე კი უბრალოდ ასეთი ვარ. ჩემთვის საკმარისი არ არის ტიტულის მოგება. უნდა ვიგრძნო, რომ დავიმსახურე..

ამიტომ ევროპის ჩემპიონატზე განცდა სრულიად სხვანაირი იყო. როცა საქართველოს გავუტანე, ტელეფონი აფეთქდა — ლაიქები, გამომწერები, მესიჯები, მილოცვები… სიგიჟე იყო.

პორტუგალიასთან თამაშამდე ცოტას ვნერვიულობდი. იმედი მქონდა, რომ რონალდო მატჩის შემდეგ დამელაპარაკებოდა, რადგან უზომოდ ვცემ პატივს. მაგრამ თამაშის დღეს გაზეთ Marca-მ ასეთი პირველ გვერდი დაბეჭდა:

„გიულერი რონალდოს გამოწვევას უგზავნის.“

ოოო, არაა..

სიმართლე ისაა, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო რონალდოსთან ერთად მოედანზე ყოფნა. ნახეთ The Last Dance? რონალდო ისეთია, როგორც მაიკლ ჯორდანი. მისთვის ასეთი სათაური საწვავია. პორტუგალიამ 3:0 მოგვიგო, და თამაშის შემდეგ მას არავისთან ულაპარაკია.

რამდენიმე დღეში თავადაც გავიგე, რას გრძნობდა, რადგან ავტობუსით სტადიონისკენ გზაში ავსტრიელი გულშემატკივრების ვიდეო ვნახე..

ისინი ამბობდნენ: „ვინ ძ****ა არის არდა გიულერი?“

შოკში ვიყავი. რატომ უნდა თქვას ვინმემ ეს ჩემზე?

მაგრამ მაშინ გამახსენდა, როგორ დამტოვა ბატონმა ჟორჟე ჟეზუშმა კვირების განმავლობაში განაცხადს მიღმა ფენერბახჩეში. ერთ დღეს ჯარიმების შესასრულებლად ორი გუნდი დააყენა და მე არც ერთში არ ჩამრთო. მარტო ვვარჯიშობდი კუთხურებზე. საშინლად წვიმდა, და როცა სახლში დავბრუნდი, იმდენი ვიტირე, რომ საკუთარ თავს დავპირდი: ასე არასდროს აღარ უნდა ვიგრძნო თავი!!

ადამიანები შემოქმედებით ფეხბურთელად მიცნობენ, მაგრამ მე მეომარიც ვარ.

დამსვამ სკამზე? უფრო მეტს ვიმუშავებ.

მელაპარაკები სისულელეებს? გაგანადგურებ.

როცა ავსტრიელთა ის ვიდეო ვნახე, მე თავად გადავედი მაიკლ ჯორდანის რეჟიმში. თამაშზე ჩემზე მღეროდნენ.. ლუდის ჭიქებს მესროდნენ..

როცა მეორე გოლის დროს ასისტი გავაკეთე, ავსტრიელი გულშემატკივრებისკენ მივტრიალდი..

როცა მეოთხედფინალში წავაგეთ, ვიფიქრე, რომ სახლში ხალხი გაგვაკრიტიკებდა, მაგრამ მათ დაინახეს, რამდენად ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნისთვის. თურქეთში ხასიათს ყველაფერი განსაზღვრავს. რუდიგერმა მითხრა, რომ შეამჩნია ჩემი ვნება და სიბრაზე. როცა რუდიგერი სიბრაზეზე ლაპარაკობს, მას უნდა დაუჯერო..

ყოველთვის ვაძლევდი თანაგუნდელებს მითითებებს, მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი „ფენერბაჰჩეში“. ვერ ვიკავებ თავს. თუ გავჩერდები, ცუდად ვითამაშებ. მინდა, რომ ლიდერი ვიყო, მინდა კუთხურები და ჯარიმები მე შევასრულო — ყოველთვის. უბრალოდ ჰკითხეთ ბატონ სოსას..

„რეალში“ თამაში სინამდვილეში მარტივია. იცი, რომ მოდრიჩი შენს სირბილს შეამჩნევს. ვინისიუსი ცუდ პასსაც კარგად გამოიყენებს. რთული ნაწილი ესპანურის სწავლაა, კულტურასთან შეგუება და მიწაზე ფეხის მყარად დადგმა. ამიტომ კარგია, რომ ჩემი ოჯახი თვეში ერთხელ მაკითხავს და დედა ისევ მახსენებს ოთახის დალაგებას. ის მუდამ ამბობს, რომ ფეხბურთელი რომ არ ვყოფილიყავი, ჩვენ დიდი პრობლემა გვექნებოდა..

საბედნიეროდ, მაცივარი სავსეა..

მას შემდეგ, რაც ანკარა დავტოვე, ვაგრძელებ იმ ადამიანების სახელების ჩამოწერას, რომლებმაც აქამდე მომიყვანეს. უკვე 20 ადამიანზე მეტია. დედა, მამა, ჩემი და, მეგობრები, მწვრთნელები, პრეზიდენტები, ფიზკულტურის მასწავლებელი მაჰმუთი, ექიმები, რომლებმაც დედას სიცოცხლე გადაარჩინეს..

ვინც არ უნდა იყო, ამას მარტო ვერ გააკეთებ..

წელს 20 წლის გავხდი. ჩემს ბლოკნოტში კიდევ უამრავი ოცნებაა. მინდა „რეალში“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე. მინდა ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოვიპოვო. ძალიან მსურს ამ კლუბში 10-ნომრიანი მაისური მოვირგო, მაგრამ ის ახლა მბაპესია..

ყველაფერზე მეტად კი, მინდა ახალი თაობის თურქი ფეხბურთელებისთვის გზა გავხსნა..

ვიცი, რომ მე ვარ თურქული ფეხბურთის დიდი იმედი, მაგრამ არ მინდა ერთადერთი ვიყო. მინდა კარი ყველასთვის გავაღო..

ჩემო თანამემამულეებო, როცა სახლში ვბრუნდები და ვხედავ, რამდენად ბედნიერები ხართ ჩემი დანახვით, ძალიან ვნერვიულობ. თქვენი სიმღერები ისევ ყურში ჩამესმის. მადრიდიდანაც ვგრძნობ თქვენს სიყვარულს..

არის ერთი ვიდეო 2023 წლის მიწისძვრიდან, რომელიც ჯერ კიდევ მაკრთობს. მაშინ „ფენერბაჰჩეში“ ბევრი თამაში არ მქონდა. ალბათ თქვენც გინახავთ. ორი მაშველი პატარა ბიჭთან ერთადაა, რომელიც ნანგრევებიდან ახლახან ამოიყვანეს. ბიჭი წევს, სხეული დაფარული აქვს, მხოლოდ თავი უჩანს. გესმის სირენები. მან თითქმის ხუთი დღე გაატარა ბეტონის ქვეშ, სიკვდილს ელოდა და იმ წუთას ჩემთვის ჰქონდა სათქმელი..

ჩემთვის! იმ წამს!

ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება:

„არდა გიულერ აბი
ძალიან მიყვარხარ
გააგრძელე ფენერბახჩეს გადარჩენა
აბი გთხოვ მწვრთნელს უთხარი, რომ გათამაშოს“

იმ ორი გმირიდან ერთ-ერთმა თქვა:

„ის არ დანებდა და არც შენ უნდა დანებდე“

როცა ეს სიტყვები მოვისმინე, როგორ უნდა შევძლო ოდესმე დანებება?

მოგმართავთ ყველა თურქ ბავშვს, რომლებსაც ფლეისთეიშენი და ოცნებები გაქვთ:

აიღე ბურთი და გაიქეცი ეზოში. იგრძნობ, რომ მსოფლიო შენ გეკუთვნის.

სიყვარულით არდა..“

მსგავსი სიახლეები