ლივერპული, იუვენტუსი, გიორგი მამარდაშვილი, ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

მამარდა გამოირიცხა - იუვენტუსი ემილიანო მარტინესს შეუთანხმდა

ტურინის იუვენტუსი ახალი სეზონის წინ მეკარის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს და, გავრცელებული ინფორმაციით, არჩევანი ემილიანო მარტინესზე შეაჩერა.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, არგენტინელმა მეკარემ „იუვენტუსთან“ პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. შეთანხმება სამწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს, თუმცა ტრანსფერის საბოლოოდ გაფორმებისთვის კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, ტურინელები თავდაპირველად გიორგი მამარდაშვილის დამატებას განიხილავდნენ და ლივერპულიდან ქართველი მეკარის იჯარით აყვანის ვარიანტზეც მუშაობდნენ, თუმცა საბოლოოდ პრიორიტეტად მარტინესი მიიჩნიეს.

ამ ეტაპზე მთავარი საკითხი სატრანსფერო თანხაა. „იუვენტუსი“ არ აპირებს ასტონ ვილას მიერ მოთხოვნილი სრული თანხის გადახდას და ბირმინგემულ კლუბთან ფასის შემცირების მიზნით მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

ემილიანო მარტინესი „ასტონ ვილაში“ 2020 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა. არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მან მსოფლიოს ჩემპიონატი და კოპა ამერიკა მოიგო, ხოლო საკლუბო დონეზე 2026 წელს „ასტონ ვილას“ შემადგენლობაში უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.

თუ ტრანსფერი საბოლოოდ განხორციელდა, მარტინესი „იუვენტუსის“ მთავარი მეკარე გახდება, ხოლო გიორგი მამარდაშვილის ტურინულ კლუბში შესაძლო გადასვლის ვარიანტი, სავარაუდოდ, დღის წესრიგიდან მოიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები